ანტიდასავლური რიტორიკა და მედია - როგორ მუშაობს მანიპულაციური სტრატეგია უკრაინის ომის ფონზე?

5/10/2023

ავტორი: ხატია შამანაური

ბოლო წლებში არაერთი ორგანიზაცია საქართველოში ანტიდასავლური გზავნილების მზარდ ტენდენციაზე წერს. ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაციური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებით მომძლავრდა გასულ წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2023 წლის დასაწყისში საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებასა და მასთან ბრძოლის გზებზე ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში წერია, რომ ხელისუფლებას არა მხოლოდ არა აქვს დეზინფორმაციასთან ბრძოლის სისტემური მიდგომა, უფრო მეტიც, ხშირად თავად ავრცელებს ანტიდასავლურ ნარატივს. მათი მთავარი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და არასამთავრობო სექტორია. ძირითადი ნარატივები კი მოიცავს შემდეგ გზავნილებს: აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს და აშშ-დან წამოსული დაფინანსება საქართველოში აგენტურული ქსელის შექმნას ისახავს მიზნად.

„ჩვენი დაკვირვებით, ხელისუფლება რიგ შემთხვევებში ერიდება დასავლეთის პირდაპირ კრიტიკას, ის აკეთებს განცხადებას მინიშნებებით, რასაც შემდეგ პროსახელისუფლებო ტელევიზიები („იმედი“, „პოსტვ“), პროსახელისუფლებო ექსპერტები, სოციალურ ქსელში მოქმედი სახელისუფლებო გვერდები და ყალბი ანგარიშები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ღიად ავრცელებენ“, - წერია კვლევაში.

ანტიდასავლური გზანილების გავრცელების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ მედიის ნაწილს სხვა ორგანიზაციებიც მოიხსენიებენ. გასულ წელს საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) მედიის მდგომარეობის შესახებ საქართველოში კვლევა გამოაქვეყნა და არსებული ვითარება ევროკომისიის კითხვარის პრიზმაში შეაფასა.

“ქართული მედიალანდშაფტი ასახავს დემოკრატიული სისტემის გარდამავალ ხასიათს, სადაც მთავრობა ცდილობს მედიის თავისუფლების შეზღუდვას და სამთავრობო პროპაგანდის გავრცელებას. საქართველოს მედიაში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით მოექცა ევროკავშირის ყურადღების ქვეშ 2022 წელს, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო უკიდურესად კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ”, ვკითხულობთ კვლევაში.

ორგანიზაციამ საქართველოს მედიაში არსებული რამდენიმე საგანგაშო ტენდენცია დაასახელა და მათ შორის ერთ-ერთი - ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებაა.

GRASS-ში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული, ან ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი მედია საშუალებები ხშირად იყენებენ კოორდინირებულ პროპაგანდას ოპოზიციის, ოპოზიციური მედია საშუალებების, სამოქალაქო საზოგადოების და ბოლო პერიოდში დასავლეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში გავრცელებული გზავნილები, რომ „დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა“ და კოორდინირებული შეტევები ევროკავშირის წარმომადგენლებზე, მათ შორის, ევროპარლამენტარებზე და ევროპის და აშშ-ის ყოფილ, თუ მოქმედ თანამდებობის პირებზე. მსგავსი პოლიტიური მიზნებისთვის პროპაგანდისტული მედიის გამოყენება და ყალბი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელება კიდევ უფრო ახდენს საზოგადოების და ხელისუფლების ერთმანეთისგან პოლარიზებას და ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბებას და ევროპული ინტეგრაციის პროცესს“. - წერია კვლევაში.

რამდენად მძლავრია პროპაგანდა, ამას ბოლოდოროინდელი საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგები აჩვენებს. თუ ერთ-ერთი მთავარი ანტიდასავლური გზავნილია, რომ დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“, “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში Zinc Network-ის დაკვეთით CRRC- საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში ომზე ფიქრისას ყველაზე მეტ ადამიანს მეორე ფრონტის თემა აწუხებს.

შეკითხვაზე - „ რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: რუსეთი-უკრაინის ომი ფაქტობრივად დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო“, 31% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული. ( პასუხები ნაჩვენებია პროცენტებში).

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს ომში ჩართვის შესახებ კონსპირაციულ გზავნილებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარწმუნოდ მიიჩნევს.

რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას:

უკრაინის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ჩართვას ომში [უკრაინაში, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში] (პასუხები ნაჩვენებია პროცენტებში).

საზოგადოებრივი კვლევის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ნაწილი მედიას ეთმობა. დოკუმენტიდან ირკვევა, ტელევიზია ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროა. 77% ამბობს, რომ კვირაში ერთხელ მაინც უყურებს ტელევიზიას.

კითხვაზე -რამდენად ხშირად უყურებთ სატელევიზიო არხებს? ყველაზე მეტი - 59% ამბობს, რომ იმედს უყურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიების მიმართ ნდობა მაღალი არ არის, ყველაზე მეტი ადამიანი ამბობს, რომ იმედს ენდობა.

ამ ფონზე გაცილებით დიდი სურათის დასანახად ანტიდასავლური გზავნილების გაანალიზება სხვადასხვა ჯგუფის ათასობით განცხადების საფუძველზე გადავწყვიტეთ. ე.წ. ქეის სთადისთვისა და ამ ინფორმაციის წყაროდ „იმედინიუსი“ შევარჩიეთ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ სტატიების ციკლს ანტიდასავლურ რიტორიკაზე. პირველი სტატია ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური განცხადებების ანალიზი იქნება.

EU

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM - ის ბენეფიციარი ჟურნალისტი და სტატიაში გამოთქმული შეხედულებები შეიძლება, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.