Tiktok Politics

პოლიტიკა ტიკტოკზე - როგორ იყენებს ხელისუფლება გასართობ პლატფორმას პროპაგანდისთვის?

05/02/2024

ავტორები: ქეთევან მოსიავა, ლუკა ჩიტიანი, თამარ თოიძე

ტიკტოკის პლატფორმას, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს გახდა, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ტიკტოკი პოპულარულია საქართველოშიც. სოციალურ ქსელს 150 ათასზე მეტი ადამიანი იყენებს, დაახლოებით 50% კი 18-24 წლამდეა.

თავდაპირველად, ეს სოციალური ქსელი საქართველოში ძირითადად გართობისთვის გამოიყენებოდა, თუმცა, ბოლო დროს, პოლიტიკური დაძაბულობის პარალელურად "ტიკტოკზე" აქტიურდებიან როგორც ოფიციალური, ისე ყალბი ანგარიშები. მათი მიზანი კი პროსახელისუფლებო ნარატივების რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიტანაა.

ტიკტოკზე გამოქვეყნებული ათასობით ვიდეოსა და ფოტოს ანალიზი აჩვენებს, რომ პლატფორმა პროსახელისუფლებო აქტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო 2023 წლის მარტში, "რუსული კანონის" გაწვევის შემდეგ გახდა. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ ტიკტოკი ახალგაზრდა აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ ეფექტურ გზად მიიჩნია.

ანგარიშები განსაკუთრებით აქტიურდებიან კრიზისებისა და სკანდალების პარალელურად. რაჭის ტრაგედია და პრეზიდენტის იმპიჩმენტი - ეს ის ორი მოვლენაა, რომელთა შესახებაც ყველაზე ხშირად შეხვდებით მიზანმიმართულად გავრცელებულ ვიდეო კონტენტს ტიკტოკზე.

აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, რაჭის ტრაგედიაზე 15-მა ანონიმურმა არხმა ჯამში 59 ვიდეო გამოაქვეყნა. მთავარი პერსონაჟი უმეტეს შემთხვევაში ირაკლი კობახიძეა. ძირითადად, ვიდეოები მას შემდეგ ვრცელდება, რაც კობახიძემ დავით ჯელაძეზე თქვა, რომ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და დეტალები გადამოწმებას საჭიროებდა. ამ პერიოდში ტიკტოკ ანგარიშებზე ასევე გავრცელდა ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია იმედში ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილი, სადაც ის რაჭაზე საუბრობდა. ჰეშთეგად კი გამოყენებული იყო #რაჭაჩემისიყვარული.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში, სექტემბერსა და ოქტომბერში 23 ანონიმურმა არხმა ჯამში 51 ვიდეო გამოაქვეყნა. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის ვიდეოები გავრცელებულია ჰეშთეგით - #მართალი. ყველა ვიდეო იყო იმის შესახებ, თუ რამდენად გამართლებული იყო ირაკლი კობახიძის ქმედებები.

ჯამში, აგვისტო-ოქტომბრის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ამ ორ მოვლენას ასზე მეტი ვიდეო დაეთმო. იდენტური ჰეშთეგებით, ერთი და იმავე შინაარსის პოსტებს კოორდინირებულად ავრცელებდა სხვადასხვა ანგარიში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და რაჭაში განვითარებული მოვლენების მიღმა, ტიკტოკის ანალიზმა აჩვენა, რომ კიდევ არის რამდენიმე გზავნილი, რომელთა შესახებაც პროსახელისუფლებო ანგარიშები მუდმივად აქვეყნებენ ვიდეოებსა და სხვა ტიპის კონტენტს.

კვლევის მიგნებებსა და ტენდენციაზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ პროსახელისუფლებო აქტორები ტიკტოკზე 2024 წლის არჩევნების წინ განსაკუთრებით გააქტიურდებიან.