ციტატები

ვინ ამბობს იმას, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები არასდროს ამბობენ?

23/10/2023

ავტორი: ხატია შამანაური

„ქართული ოცნების“ ლიდერების ათასობით განცხადების ანალიზმა თუ აჩვენა, რომ მათი ანტიდასავლური რიტორიკა მკაცრად თანმიმდევრულია, ხოლო როლები - სტრატეგიულად გადანაწილებული, ეს დიდი სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია. არის გზავნილების ისეთი ფორმულირებები, რომელსაც პირდაპირ არასდროს იყენებს ხელისუფლება, მაგრამ ხშირად ვისმენთ მასთან დაკავშირებული პირებისგან. ამ შემთხვევაშიც კომენტარები თანმიმდევრულად, ორგანიზებულად ვრცელდება და ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს.

2022 წლის 24 თებერვლიდან (უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან) 2023 წლის 24 ივლისამდე ,,იმედინიუსის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ყველა ახალი ამბის სათაური და ლიდი მოვაგროვეთ, პროგრამული ენის ,,პითონის“ გამოყენებით, ამ მონაცემების დამუშავების საფუძველზე წარმოგიდგენთ მომდევნო სტატიის თემას - ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების ანტიდასავლური გზავნილები. 58 802 ახალი ამბის გააანალიზების შემდეგ გაჩვენებთ, რა ტიპის გზავნილებს ავრცელებენ ეს პირები და როგორ მიდის მათი სათქმელი მოსახლეობამდე.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე რუსულ მედიაში აქტიურად გაჩნდა გზავნილი, რომ ევროპაში საგანგაშო სოციალურ-ეკონომიკური ვითარება იყო. ეს თემა მალევე პოპულარული გახდა საქართველოშიც. არაერთმა ადამიანმა აქტიურად დაიწყო მანიპულაციურად იმის განხილვა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს აჭარბებდა, რომ საქართველოს წარმატებას „მშვიდობა“ უზრუნველყოფდა, ხოლო მშვიდობა „ქართული ოცნების“ დამსახურება იყო.

ციტატები

წელიწადისა და 5 თვის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა ტიპის ანტიდასავლურ გზავნილს ვისმენდით. მუდმივად ჩნდებოდა ახალი შინაარსი გარემოებებისა და მოვლენების განვითარების შესაბამისად. ამ გზავნილების გავრცელებისა და მოსახლეობამდე მიტანის ორგანიზებული გზა და ხერხები კი არ შეცვლილა.

ყოველ ჯერზე, როდესაც საჭირო ხდებოდა რაიმე გზავნილის მოსახლეობამდე მიტანა, ,,იმედინიუსის“ პლატფორმაზე დილის საათებში ქვეყნდებოდა ზოგადი ახალი ამბავი, ხოლო მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პირი ამ თემაზე ერთი და იმავე შინაარსის კომენტარს აკეთებდა, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსპერტები და პოლიტიკოსები საზოგადოებას მუდმივად ერთსა და იმავეს უმეორებდნენ.

მაგალითად, 2022 წლის 4 სექტემბერს, დილის 7 საათზე ,,იმედინიუსზე’’ გამოქვეყნდა, რომ ჩეხეთში მრავალათასიანი აქცია გაიმართა - „შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნა უკრაინის საკითხზე ნეიტრალიტეტი იყო“, - წერდა იმედინიუსი.

დღის განმავლობაში კი ნინო ფოჩხუა, ვატო შაქარიშვილი და სხვები პრაღაში გამართულ აქციას ეხმაურებოდნენ და ამბობდნენ, რომ სწორედ ეს იყო ნამდვილი ევროპული ღირებულება და არა უკრაინისთვის მხარდაჭერა, ამომრჩევლებს არწმუნებდნენ, რომ ეს საპროტესტო ტალღა მთელ ევროპას მოედებოდა.

4 სექტემბერი 2022, 07:01

ჩეხეთში მრავალათასიანი აქცია გაიმართა - შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნა უკრაინის საკითხზე ნეიტრალიტეტი იყო

4 სექტემბერი 2022, 11:53

"ჩვენი ხელისუფლება პრაგმატული იყო, როცა არ აჰყვა ფსიქოზს, რომელიც ბნელმა ძალებმა მოახვიეს თავს მთელ მსოფლიოს, საკუთარ თავზე იღებდნენ დარტყმას, მაგრამ ქვეყანა გადაგვირჩინეს"

4 სექტემბერი 2022, 12:24

"ეს საპროტესტო ტალღა მთელ ევროპას მოედება, ადგილობრივ საზოგადოებებს აღარ ესმის, რატომ ზიანდება ევროპელების ინტერესები უკრაინის ომის გამო"

4 სექტემბერი 2022, 12:47

"ეს იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებების მხარდაჭერაა, რომელიც პირველ რიგში მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას გულისხმობს და არა უაზრო ისტერიკაში გადასულ მოთხოვნებს"

04 სექტემბერი 2022, 17:36

"მთელს ევროპაში საპროტესტო ტალღაა, ძალიან სწრაფად ინგრევა ლიბერალური პროპაგანდის შექმნილი ფსევდო-რეალობა, ამიტომ ჩქარობენ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ რამენაირად მოახერხონ საქართველოში ცეცხლის გაჩენა"

10 მაისს, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ამის საპასუხოდ ანტიდასავლურმა გზავნილებმაც არ დააყოვნა. 12 მაისს დილიდან არაერთი ადამიანი ,,იმედინიუსის“ პლატფორმიდან რიცხვებით გვიყვებოდა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სავაჭრო ბრუნვის შესახებ რუსეთთან.

12 მაისი 2023, 12:17

გია გაბრიჭიძე: ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობით 4 დღეში უფრო მეტ თანხას ატრიალებს, ვიდრე საქართველო 1 წლის განმავლობაში

12 მაისი 2023, 12:22

ოთარ ანგურიძე: საქართველოს წილი რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 0.3%-ს შეადგენს, ევროკავშირის - 32%-ს, თურქეთის - 8%-ს, აშშ-სი კი -2%-ს

12 მაისი 2023, 12:26

ზაალ ანჯაფარიძე: რუსეთის სავაჭრო ბრუნვა აშშ-თან 16,2 მილიარდ დოლარს შეადგენს, შარშან ოკუპანტი და მტერი სახელმწიფოს გაზის ევროპაში ტრანზიტიდან თავად უკრაინამ 570 მლნ დოლარი ჩაიჯიბა

12 მაისი 2023, 12:48

ნონო ფოჩხუა: მაშინ, როცა 2008 წელს იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები რუსეთ-საქართველოს ომში, ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის და დაუწესებია კი არა, 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი შეიძინა

12 მაისი 2023, 13:24

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროკავშირს, აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს რამდენიმე მილიარდი ევროთი და დოლარით გაიზარდა

12 მაისი 2023, 13:51

სოსო არჩვაძე: საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში საკმაოდ მოკრძალებულია: ის მხოლოდ 0.3%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირისა - 32%-ია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი თურქეთის - 8%, ჩინეთის - 22%, ხოლო აშშ-სა - 2%

12 მაისი 2023, 14:18

გიორგი ცუცქირიძე: ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან გასულ წელს 2.3%-ით გაიზარდა, რაც ორჯერ მეტია საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაზე

12 მაისი 2023, 14:37

როგორია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირისა თუ ამერიკის შემთხვევაში

12 მაისი 2023, 18:27

გია აბაშიძე: 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირსა და რუსეთს შორის 2.3%-ით, 5.9 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258.7 მილიარდი ევრო შეადგინა

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად „ქართული ოცნების“ ლიდერებიც არ ერიდებიან დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკასა და ანტიდასავლურ განცხადებებს, როგორც ჩანს, საჭირო ხდება ხოლმე გაცილებით უხეში ფორმულირებები. ეს მისია ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ჯგუფებსა და პირებს ეკისრებათ, რომელთა დიდი ნაწილი საჯაროდ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფასაც არ ერიდება.

განცხადებები განცხადებები

ამ სტატიაში ძირითადად ანტიევროპული გზავნილები მიმოვიხილეთ და გაჩვენეთ, როგორ კოორდინირებულად ვრცელდება ასეთი განცხადებები. თუმცა, ხშირად დასავლელი პარტნიორების მისამართით გაცილებით უფრო შეურაცხმყოფელ კომენტარებსაც აქვს ადგილი. არიან ადამიანები, რომლებსაც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად რადიკალური შეფასებების გაკეთება საკუთარ თავზე აქვთ აღებული. მომდევნო სტატიაში ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებსა და ადამიანთა იმ ჯგუფზე მოგიყვებით, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორისა და მისი დიპლომატიური წარმომადგენლის წინააღმდეგ მუდმივად თავდასხმის რეჟიმში არიან.

EU

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM - ის ბენეფიციარი ჟურნალისტი და სტატიაში გამოთქმული შეხედულებები შეიძლება, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.