ირაკლი ღარიბაშვილი

სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ

31/10/2023

ავტორი: ხატია შამანაური

“ქართული ოცნების“ ლიდერების ათასობით განცხადების ანალიზმა თუ აჩვენა, რომ ისინი არაერთ ანტიდასავლურ გზავნილს საკმაოდ ორგანიზებულად ავრცელებენ, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები კიდევ უფრო მეტი აქტიურობითა და აგრესიული გამოსვლებით გამოირჩევიან. მათი სამიზნე ხშირად ხდება არაერთი ევროპარლამენტარი, ევროპელი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი. ყველა, ვინც მმართველ გუნდს გააკრიტიკებს. გამორჩეულად აშკარა აგრესია აშშ-ის წინააღმდეგ ჩანს. სტრატეგიული პარტნიორისა და მისი დიპლომატიური წარმომადგენლის წინააღმდეგ უმეტესწილად სრულიად აბსურდულ და ყალბ გზავნილებს აქვს ადგილი. ასეთ განცხადებებს კი ძირითადად ხელისუფლებასთან, უფრო კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული რამდენიმე პირი ავრცელებს.

2022 წლის 24 თებერვლიდან (უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან) 2023 წლის 24 ივლისამდე ,,იმედინიუსის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ყველა ახალი ამბის სათაური და ლიდი მოვაგროვეთ, პროგრამული ენის ,,პითონის“ გამოყენებით, ამ მონაცემების დამუშავების საფუძველზე წარმოგიდგენთ მომდევნო სტატიის თემას - გზავნილებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ. 58 802 ახალი ამბის გააანალიზების შემდეგ გაჩვენებთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა ტიპის გზავნილებს ავრცელებენ.

ათასობით სათაურის ანალიზი აჩვენებს, რომ შეერთებული შტატების წინააღმდეგ განსაკუთრებულად აგრესიული რიტორიკით ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გამოირჩევა. „იმედინიუსი“ კი არა მხოლოდ მის წერილებს აქვეყნებს აქტიურად, არამედ ციტირებს სათაურებში, წერილის სხვადასხვა ნაწილს ცალ-ცალე ახალ ამბავს უძღვნის და შემდეგ მის მოსაზრებებზე ექსპერტების დადებით შეფასებებსაც აქვეყნებს.

ზაზა შათირიშვილის განცხადებების გაანალიზების შემდეგ ნათელია, რომ გარდა სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმისა, მისი უპირველესი მოვალეობა ბიძინა ივანიშვილის დაცვაა.

“იმედინიუსის” პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ზაზა შათირიშვილის ციტატებში ყველაზე ხშირად გამოყენებული 2 სიტყვაა - „ბიძინა“ და „ივანიშვილი“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ზაზა შათირიშვილი გვეუბნებოდა, რომ ივანიშვილის საქმით „ამერიკელები ორ კურდღელს იჭერდნენ - ერთი მხრივ, ივანიშვილს აშანტაჟებდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევდნენ“.

ხშირად იყენებდა სიტყვებს “მეორე ფრონტი“ და ამბობდა, რომ “საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებდა საზარბაზნე ხორცად საქართველოს ქცევისა და მეორე ფრონტის გახსნის დავალებას“.

როდესაც ახსენებდა აშშ-ს, იყენებდა ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: აგენტი, ხრიკები, გაყალბებული და ასე შემდეგ. მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომ ამერიკა მართავს ევროპას და ამერიკელმა ოლიგარქებმა მიიტაცეს ევროკავშირის სუვერენიტეტი.

ზაზა შათირიშვილის განცხადებებს ეყრდნობიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსპერტებიც. „იმედინიუსი“ კი შათირიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს სათაურებში ციტირებს.

ირაკლი კობახიძე

ზაზა შათირიშვილის გარდა ამერიკის წინააღმდეგ შესამჩნევი აგრესიით გამოირჩევა რეჟისორი გოგა ხაინდრავაც, რომელიც რაიმე ოფიციალურ პოსტს არ იკავებს და არც ექსპერტის სტატუსი აქვს. თუმცა, მისი განცხადებები „იმედინიუსის“ პლატფორმაზე ხშირად გვხვდება.

გოგა ხაინდრავას მთავარი სამიზნეც შეერთებული შტატების უკვე ყოფილი ელჩი კელი დეგნანია. გოგა ხაინდრავას მიმართვები „იმედინიუსის“ სათაურებში მუდმივად ციტატების სახითაა გამოტანილი.

„ეს კინო გადაღებულია უკვე ქ-ნო ელჩო“ - გოგა ხაინდრავა კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება
გოგა ხაინდრავა: Go Go Zhenia შემდეგ Go Go Kelly დრო დადგა Kelly go home!
გოგა ხაინდრავა: ელჩმა დეგნანმა მორიგი პოლიტიკური ლიდერის მშობიარობის აქტი წამოიწყო
გოგა ხაინდრავა: აღარაფრის გრცხვენიათ ელჩო დეგნან!? მრჩეველი არ გყავთ ლომჯარიას მეტი?
გოგა ხაინდრავა: კელი დეგნანი ჩვენს სუვერენიტეტს ლახავს, სასამართლო გადაწყვეტილებებში ერევა - მინდა იცოდეს, რომ ამით საკუთარ ქვეყანას ვნებს
გოგა ხაინდრავა: ქალბატონო ელჩო დეგნან, შემდეგ ჯერზე ზურა გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზზე შარვალს რომ ჩაიხდის, იქვე დაახვედრეთ სატრანსპორტო საშუალებები
გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს: წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის მტკიცებით, ჯო ბაიდენის ოჯახმა კორუმპირებული რუმინელი ბიზნესმენისგან მილიონი დოლარი მიიღო. როგორ ფიქრობთ დაუწესოთ სანქციები პრეზიდენტის ოჯახს?
გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს: ჯობდა ქართველი ხალხის მდგომარეობაზე გაგესწორებინათ ფოკუსი, ქალბატონო ელჩო
გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე: მეგონა, ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა ავტოფარეხში არ ველოდი
გოგა ხაინდრავა: კელი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში აბსოლუტური ფიასკოა
გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს: საკუთარ რეპუტაციას არაფრად აგდებთ, აშშ-ის პრესტიჟს მაინც გაუფრთხილდით

კელი დეგნანის წინააღმდეგ მწვავე განცხადებებს არ ერიდებიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფებიც. ადამიანები, რომელთა ანტიდასავლური გზავნილები უჩვეულოდ კოორდინირებულად ვრცელდება ხოლმე, სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიურ წარმომადგენელზე თავდასხმის დროსაც უჩვეულოდ ორგანიზებული არიან.

ირაკლი ღარიბაშვილი

ასეთი თავდასხმების ფონზე კი საინტერესოა, გავიხსენოთ, რა ტიპის ფინანსური დახმარება მიუღია საქართველოს შეერთებული შტატებისგან. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, დახმარების მიღების კუთხით საქართველო ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. 1992 წლიდან 2021 წლამდე შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის 5.7 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი. ამ თანხიდან დაახლოებით 1 მილიარდი საქართველომ 2008-2009 წლებში რუსეთთან ომის შემდეგ მიიღო. მხოლოდ 2020 წელს ამერიკამ საქართველოს $133 მილიონზე მეტი გამოუყო (სახელმწიფო და USAID) დახმარების სახით.

EU

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM - ის ბენეფიციარი ჟურნალისტი და სტატიაში გამოთქმული შეხედულებები შეიძლება, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.