300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, “- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, რომ ყველანი ისტორიული მოვლენის მონაწილეა. მისი თქმით, ამ მიწაზე საქართველოს პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ.

… აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა, შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, “- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე მადლობას გადაუხადა,  იერუსალიმის პატრიარქს, იორდანიის არქიეპისკოპოს და საელჩოს თანამშრომლებს.