„რაც შეეხება ჯოხს, რაზეც მთელი გამოძიებაა აწყობილი, ჯოხი მათე დევიძეს საერთოდ არ ჰქონია, მას ჰქონდა გადახვეული ტრანსპარანტი რაღაც წარწერით. საპირისპიროს, ვერავინ ვერ ადასტურებს, რადგან ჯოხი ან ჯოხის ნამტვრევები რეალურად არ არსებობს“,- ამის შესახებ სასამართლო პროცესზე მათე დევიძის ადვოკატმა ნატო მამულაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გამოვიკვლიეთ ვიდეოკამერის ჩანაწერები, გამოთხოვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-გან“, შსს-ს კომუნიკაციების განყოფილებისგან და ვინმე მოქალაქე ბერულავასგან, კამერის ჩანაწერებიდან არ დასტურდება ის ფაქტები, რომლებზეც აპელირებდა ბრალდების მხარე, უფრო კონკრეტულად, კადრებში არ ჩანს არანაირი თავდასხმის ფაქტი, არ და ვერ ხერხდება იდენტიფიცირება ვერც ბიძინა ჟამერაშვილის, ვერც გიორგი ესტატიშვილის…
მოცემული კამერის ჩანაწერებში ერთადერთი, რაც თვალნათლივ ჩანს, არის პოლიციელების სიმრავლე, მათი აგრესიული ქმედება და დაკავების ფაქტები, სადაც კარგად ჩანს მათე დევიძის დაკავების ფაქტი, როგორ აქვს ყელში წაჭერილი ხელი და რამდენიმე პოლიციელი მიათრევს მას ძალის გამოყენებით. კამერის ჩანაწერებით არ ხდება არც პოლიციელების იდენტიფიცირება და ასევე არ ჩანს არც ჯოხი, არც მთლიანი და არც დამტვრეული.
აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, ე.წ. დაზარალებულებმა საერთოდ მიიღეს დაზიანებები ამ აქციის დროს მათე დევიძისგან? იმ მოცემულობაში როცა ესტატიშვილი ამბობს, რომ თავის თავს ვერ ამოიცნობს, დაცვის მხარისთვის გაურკვეველია, პროკურორი რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კამერაში ჩანს თავდასხმის ფაქტები. ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს არცერთ ნაწილში, რომ მათე დევიძე ვინმეს ესხმის თავს“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე მათე დევიძის ადვოკატმა ნატო მამულაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათე დევიძე 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პროკურატურა სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებოდა. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.