საით მივყავართ მორიგ აფეთქებას ყარაბაღში

თორნიკე შარაშენიძე

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებათა ყოველი განახლება ჩვენს ქვეყანაში სამართლიან შეშფოთებასა და შიშს იწვევს ხოლმე. ბოლოდროინდელი დაპირისპირება ალბათ რამდენიმე დღეში დასრულდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროებითი პაუზა იქნება. ყარაბაღის პრობლემა არსად წავა და რეგიონს,  საქართველოს ჩათვლით, მასთან ერთად კიდევ დიდხანს მოუწევს ცხოვრება.

ისტორიული კონტექსტი

ყარაბაღის კონფლიქტის ფესვები მეტად ღრმაა და თავად ამ პატარა რეგიონის მასშტაბებს მნიშვნელოვნად სცდება. ეს რეგიონი უბრალოდ იმ დიდი აისბერგის წვერია, რომელსაც ჰქვია ზოგადად კონფლიქტი აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის. სომეხ ერს თავისი ისტორიის განმავლობაში არაერთი ტრაგედია გამოუვლია და მათ შორის ყველაზე მძიმე 1915 წლის მოვლენებია, რომელსაც თავად სომხები გენოციდად მიიჩნევენ.

ოტომანთა იმპერია თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებს სასტიკად გაუსწორდა, მათი დიდი ნაწილი ადგილზევე ამოხოცა, ნაწილი კი დღევანდელ ერაყსა და სირიაში გარეკა, რის შედეგადაც ბევრის სომეხი გზად გარდაიცვალა. ყველაზე ობიექტური შეფასებებით ამ მოვლენებს ნახევარ მილიონამდე სომეხი შეეწირა, რაც მცირერიცხოვანი ერისათვის, ცხადია, უზარმაზარი დარტყმა იყო.

ოტომანთა იმპერია აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს თურქეთის რესპუბლიკა, რომელსაც სომხები იმპერიის მემკვიდრედ მიიჩნევენ და პრეტენზიებიც სწორედ მასთან აქვთ. თურქების ყველაზე ახლო და მონათესავე ერს აზერბაიჯანი წარმოადგენს და ბუნებრივია, რომ ეს ფაქტი მათდამი სომხების დამოკიდებულებაზე ყოველთვის აისახებოდა და აისახება.

თავისთავად ცხადია, რომ შემხვედრი პრეტენზიები სომხების მიმართაც არსებობს. 1915 საშინელ მოვლენებს წინ უძღოდა სომხური ბატალიონის გადასვლა რუსეთიდან თურქეთის ტერიტორიაზე და იქ თურქებისა და ქურთების ამოხოცვა. აზერბაიჯანში არაერთი წიგნია გამოცემული სომხების მიერ მოწყობილ ტერაქტებზე თურქებისა და თავად აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, რომლებიც სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს. მოკლედ, პრეტენზიები ორივე მხარეს მრავლად აქვს.

ამ ორ ერს შორის არცთუ ისე კარგ ისტორიულ ურთიერთობებს ყარაბაღი დაემატა, რომელსაც ორივე მხარე თავისად მიიჩნევს. მოხდა ისე, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მხარეს აღმოჩნდა, რამაც ცხადია სომხები გაანაწყენა. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში როცა საბჭოთა კავშირში პერესტროიკამ ადამიანებს საკუთარი აზრის შედარებით თავისუფლად გამოხატვის საშუალება მისცა, სომხებმა მოსკოვში ყარაბაღის მათთვის გადაცემის საკითხი დააყენეს და სასტიკი უარი მიიღეს.

ცენტრალურ საბჭოთა ხელისუფლებას არანაირად არ აწყობდა ქვეყნის შიგნით საზღვრების გადასინჯვა, რაც აუცილებლად დიდ ქაოსში გადაიზრდებოდა. მაგრამ ამ უარმა კონფლიქტის გაღვივებას ხელი ვერ შეუშალა, რადგან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი პერესტროიკის პირობებში სუსტდებოდა და 1988 წლის დასაწყიში ძალადობამ იფეთქა.

დაპირისპირება დაიწყო არა მხოლოდ თავად ყარაბაღში, არამედ დანარჩენი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და სომხეთშიც. სომხეთში მცხოვრები ათასობით აზერბაიჯანული ოჯახი აიყარა და აზერბაიჯანს მიაშურა. ანალოგიური ბედი ეწია იქამდე აზერბაიჯანში მცხოვრებ სომხურ ოჯახებს. აღმოჩნდა რომ ისტორიული დაპირისპირება არსად არ იყო გამქრალი, ყარაბაღმა კი იგი ახალი ძალით გააღვივა. ორივე მხარე ერთმანეთს მხეცობებს აბრალებდა, ორივე მხრიდან უამრავი ადამიანი იღუპებოდა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობიდან.

საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა

თავად ყარაბაღი კი ჩვეულებრივ საომარ მოქმედებათა ზონას ემსგავსებოდა. 1989 წელს რეგიონზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი დამყარდა, მაგრამ მშვიდობის დაცვა მაინც ვერ ან არ ხერხდებოდა (კორუმპირებული და დემორალიზებული საბჭოთა არმია იარაღს ორივე მხარეზე ყიდდა). მოსკოვმა მალე ფორმალურადაც აიღო ხელი ყარაბაღზე, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იქ ისეთი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მალე მოხდა ისე, რომ აზერბაიჯანმა უარი თქვა ახლადშექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (და ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში) შესვლაზე და ამიტომ მოსკოვის სიმპატიები ერევნის მხარეს გადაიხარა.

სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე სერიოზული გამარჯვება მოიპოვეს და არა მხოლოდ ყარაბაღი დაიკავეს, არამედ ასევე დაიკავეს უშუალოდ ყარაბაღს გარეთ აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლითაც სადავო რეგიონი სომხეთს დაუკავშირეს.

1994 წელს აზერბაიჯანში პრეზიდენტის რანგში დაბრუნებული ჰეიდარ ალიევისათვის აშკარა გახდა რომ ომის გაგრძელება მის ქვეყანას ახალი დანაკარგების გარდა არაფერს მოუტანდა და დაზავება ითხოვა. მოსკოვის შუამავლობით მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს და კონფლიქტის ყველაზე ცხელი ფაზა ამით დასრულდა.

შედეგი იყო ათიათასობით დაღუპული, ასიათასობით ლტოლვილი (ძირითადად ცხადია აზერბაიჯანის მხარეს) და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორმხრივი მტრობა რომელიც სამწუხაროდ იოლად არ გაქრება. სომხეთმა მიიღო ტერიტორია, მაგრამ ეს გამარჯვება მეტად ძვირი დაუჯდა, რადგან აზერბაიჯანმა მას ენერგეტიკული და სატრანსპორტო ბლოკადა მოუწყო, რომელიც აქამდე გრძელდება.

დაზავების მიუხედავად სადავო ტერიტორიის გარშემო დავა არსად წასულა. აზერბაიჯანისათვის სომხეთი ოკუპანტია და 2000-იანი წლებიდან მოყოლებული ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული მილიარდების დიდ ნაწილს შეიარაღებულ ძალებში დებს. რესურსებით ღარიბი სომხეთი იძულებულია ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი შეიარაღებულ ძალებზე მიმართოს, რაც მის ეკონომიკას ძვირად უჯდება. სამშვიდობო მოლაპარაკებებს არანაირი რეალური შედეგი არ მოაქვს.

სომხეთში გააზრებული აქვთ, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის მეზობლობის პირობებში ყარაბაღის დაცვა გაუჭირდებათ და ამიტომ თავიანთ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის ყოფნა დააკანონეს. ყველა აცნობიერებს, რომ რუსეთს არსებული სტატუს კვო ძალიან აწყობს. ყარაბაღის გამო იგი სომხეთს სჭირდება. აზერბაიჯანი კი ხვდება რომ ყარაბაღს რუსეთის კეთილგანწყობის გარეშე ვერ დაიბრუნებს და მოსკოვისგან დიდძალ იარაღს ყიდულობს ხოლმე.

ბოლოდროინდელი გამწვავებები

ზოგადად, აქამდე გაბატონებული იყო მოსაზრება რომ ყარაბაღის გამო ახალი სრულმასშტაბიანი და ხანგრძლივი ომი რეგიონს არ ემუქრებოდა – ისევ და ისევ, არსებული სტატუს კვო რუსეთს აწყობს. გარდა ამისა, დიდი კონფლიქტი და რეგიონული დაძაბულობა არცერთ გარე დიდი მოთამაშის ინტერესებში არ შედის, მათ შორის არც თურქეთის, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. თუმცა, ამავე დროს თურქეთი ბაქოს უახლოესი მოკავშირეა და სულ ცოტა რიტორიკის დონეზე მაინც მის გვერდით დგას.

1994 წლის შემდეგ ყველაზე სერიოზულ გამწვავებას 2016 წელს დაიწყო. წელს კი უკვე მეორე და ყველაზე მძიმე გამწვავების მოწმეები ვართ. ეს ალბათ ორი ფაქტორით არის გამოწვეული: პირველი ისაა, რომ ბოლო ათწლეულში აზერბაიჯანი უფრო გაძლიერდა ვიდრე სომხეთი და ბალანსიც შეიცვალა. აზერბაიჯანის მხარეს არის მეტი ფული, მეტი შეიარაღება და უფრო დიდი არმია. აზერბაიჯანის სახელმწიფო პროპაგანდა სომხეთისაგან დაუძინებელ მტერს ქმნის და საზოგადოებაც შურისძიებასა და ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვს. მეორე ფაქტორი ალბათ ისაა რომ მოსკოვში დიდად არ მოსწონთ პაშინიანის მთავრობა რომელიც დასავლეთის მიმართ მეტ სიმპატიებს ამჟღავნებს ვიდრე წინამორბედები.

შესაბამისად, (რუსეთის თვალთახედვით) არაფერი დაშავდება იმით, თუკი აზერბაიჯანული არმია სომხეთის მიერ კონტროლირებდი ტერიტორიის ნაწილს აიღებს და ერევანს დაანახებს, რომ მოსკოვის იქით მას გზა არა აქვს. აქედან გამომდინარე, ახლანდელი გამწვავება მაშინ დასრულდება როცა აზერბაიჯანის არმია გარკვეულ წითელ ხაზამდე მივა.

ყარაბაღი და საქართველო

ჩვენი ქვეყანა კონფლიქტის მიმართ მკაცრი ნეიტრალიტეტის ხაზს დაადგა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან. უფრო მეტიც; საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროსაც ქართული მხარე მიუმხრობლობას აფიქსირებდა და მხარეებს შერიგებისაკენ მოუწოდებდა.

საქართველო ის ქვეყანაა სადაც ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთში არ მტრობენ. საქართველომ მოახერხა რომ თავისი პოზიციიდან გამომდინარე არცერთ მხარესთან არ გაიფუჭა ურთიერთობა. ეს დიდი მიღწევაა და მას გაფრთხილება სჭირდება.

სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა  სააგენტომ გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ ვითომდაც საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთი სერბულ იარაღს იღებდა. ეს დეზინფორმაცია ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამაც აიტაცა, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის იმიჯს არანაირი ზიანი არ მიადგა, რადგან ახლახან პირადად პრეზიდენტმა ალიევმა მადლობა გადაგვიხადა კონფლიქტის დროს მეგობრული და ღირსეული საქციელისათვის.

აღსანიშნავია, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელების პერიოდში დაკავებულ იქნა სერბეთში აზერბაიჯანის ელჩი. ეს სავარაუდოდ ნიშნავს რომ სომხეთი მართლაც იღებდა სერბულ იარაღს (რომელიც რუსულ იარაღთან თავსებადია), მაგრამ არანაირად საქართველოს გავლით.

ნებისმიერი გამწვავება, რაც არ უნდა მცირე მასშტაბის იყოს, რეგიონულ სტაბილურობასა და თანამშრომლობას ურტყამს და ამიტომ ჩვენი ქვეყნისათვის ზარალი მოაქვს. დიდი მასშტაბის დაპირისპირებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქულ მილსადენებს, რაც ცხადია კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება.

სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსეთმა ჩვენი ტერიტორიის გავლით ჰუმანიტარული, ან სულაც სამხედრო კორიდორი მოითხოვოს. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა მიმართოს მოსკოვის ზეწოლის გასანეიტრალებლად. რომელიმე მხარეს სასარგებლოდ ჩარევა (თუნდაც იძულებით), სრულიად დაუშვებელია.