შეთხზული „მე” – მწერალი და ავტობიოგრაფია

მალხაზ ხარბედია

ყველასთვის ძალიან ნაცნობ თემაზე ვაპირებ წერას. მწერლის „მე”-ზე, და მის ერთ-ერთ უმთავრეს და უცნაურ გამოხატულებაზე, ავტობიოგრაფიაზე. არამხოლოდ დაწერილზე ან დაბეჭდილზე, არამედ ზეპირ ავტობიოგრაფიაზეც, ქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამ ავტობიოგრაფიას ქმნიან. მომავალში ასევე შევეხები ალბათ იმ აუარება „მე”-ს მწერლებისას, რომლებმაც ბოლო წლებში გადაავსეს სოციალური მედია, ინტერნეტ სივრცე, ბლოგების ვირტუალური თაროები. „მე”-ებს, ვინც ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდნენ, გაიზარდნენ, შეიქმნეს ბიოგრაფია, წარსული, მოხაზეს მომავალი, გაუჩნდათ ან გაიჩინეს ბზარები, ტკივილები, შემოიკრიბეს ან დაივიწყეს ისტორიები, ადამიანები, ფასეულობები. ზოგი საკუთარი თავის გამორკვევას ეცადა, სხვები კი ანტიკური ეპოსის გმირებივით, ღრუბელში და ნისლში გაეხვია. ოღონდ ღმერთის ან ქალღმერთის დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი მონდომებით.

ამ წერილში (თუ წერილებში) ტექსტები ნაკლებად იქნება, უფრო მეტად ავტორი გამოჩნდება, ავტორი, როგორც ტექსტი. ძველი და ახალი ავტორები, ტრადიციული და ახალი ავტობიოგრაფიები, ღია, გახსნილ მედიაში ჩამოყალიბებული, ფოტოთი, პროფაილით, CV-ით და მთელი ამბებით.

უნდა ვაღიარო, რომ ავტობიოგრაფიებისადმი ეს ინტერესი რამდენიმე წლის წინ ხელახლა გამიღვივა ერთმა უნიკალურმა წიგნმა, რომელიც ერთდროულად ამ ჟანრის სუფთა საცავსაც წარმოადგენს და უზარმაზარ ქრესტომათიასაც ჟანრის პოეტიკის საკვლევად. ესაა 2013 წელს „ლიტერატურის მუზეუმის” მიერ გამოცემული ბრწყინვალე ორტომეული, „მწერალთა ავტობიოგრაფიები”: 1600–ზე მეტი გვერდი საერთო მოცულობა, 300-ზე მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფია XIX-XX საუკუნეებიდან – იდეალური მასალა ქართველი მწერლების ბიოგრაფიული და არა ტექსტუალური, გამოგონილი პორტრეტების შესასწავლად.

ზემოთ „ხელახლა” ვახსენე და უნდა ვთქვა, რომ ეს ინტერესი ავტობიოგრაფიებისადმი ადრეც მქონდა. დაახლ. 20 წლის წინ ფილიპ ლეჟენის სახელი პირველად გავიგე. იგი იყო და დღემდე რჩება ავტობიოგრაფიის, როგორც ავტობიოგრაფიის ჟანრის ყველაზე აღიარებულ მკვლევრად, ადამიანად, ვინც ლიტერატურის თეორიაში (და არა ტრადიციულ კრიტიკაში, სადაც ისედაც დიდი ადგილი ეთმობოდა ბიოგრაფიას) თავის დროზე თამამად შემოიყვანა ავტორის ფიგურა, მთელი თავისი გულახდილობით, და ეს იმ წლებში, როცა როლან ბარტის „ავტორის სიკვდილი” დაბალი ღრუბელივით იყო ჩამოწოლილი (1968–69 წლებში). მახსოვს 20 წლის წინ მისი ტექსტებიც ჩამივარდა ხელში, თუმცა იმ პერიოდში სხვა გატაცებებმა გადასძალა, როგორც ჩანს. მაშინ მეც უფრო მეტად ბარტი მაინტერესებდა. „ავტორის სიკვდილის” შესახებ იდეებით, როცა მოგინდებოდა, ერთი ხელის მოსმით გააქრობდი ავტორს და რჩებოდა წერა (L’ecriture), წერისას კი ხმის, ამოსავალი პირველწყაროს, „მე”-ს ცნება უკვე აღარ არსებობდა: „წერა – ბუნდოვანების, არაერთგვაროვნებისა და შეუსაბამობის ის სფეროა, სადაც იკარგება ჩვენი სუბიექტურობის კვალი, ესაა შავ-თეთრი ლაბირინთი, სადაც ქრება ყოველგვარი თვითიგივეობა, პირველ რიგში კი დამწერის სხეულებრივი იგივეობა”, – ასე განსაზღვრავდა ამ ამბავს ბარტი.

ახლა სხვა სიტუაციაა. ფილიპ ლეჟენის და მისნაირი მკვლევრების ინტერესთა სფერო იმდენად გაფართოვდა, რომ ფაქტობრივად უმართავი შეიქნა, რადგან სწორედ თვითიგივეობა, იდენტობა, სხეულებრივი თუ სიტყვიერი პრეზენტაცია გახდა დღეს მთავარი.

ბიოგრაფიამ, უფრო სწორად კი ავტობიოგრაფიამ, ახალი ძალები მოიკრიბა. პირადმა გვერდებმა სოციალურ ქსელში უსასრულო შესაძლებლობები გამოაჩინეს პიროვნების ნაკვთების გამოსაძერწად, მისი ფორმების შესავსებად თუ დასახვეწად. ერთი სიტყვით, „მე”-მ ახალი ძალით ამოიღო ხმა, პირველი პირის ნაცვალსახელები აგუგუნდნენ.

ნაცვალსახელი ვახსენე და მოდით, ცოტა ლინვისტიკაშიც ჩავიხედოთ და მოკლედ ვთქვათ, რას ნიშნავს „მე”.

დიდმა ენათმეცნიერმა, ემილ ბენვენისტმა XX საუკუნის 50–იან წლებში კარგად ჩამოუარა პირის ნაცვალსახელებს და თავის ადგილზე დააყენა სამივე პირი. „მე/შენ” ნამდვილ პირებად აღიარა და „ის” გამორიცხა ამ ჯგუფიდან. მან თქვა, რომ „მე” ყოველ ჯერზე შეიძლება სხვადასხვა ინდივიდს შეესაბამებოდეს, ერთადერთს და განუმეორებელს. „მე” საუბრის მომენტში არსებობს. „მე” ვარ ის, ვინც ახლა ვწერ ან ვლაპარაკობ. „მე” არ ვარ „ნიშანი” (ლინგვისტიკის ენაზე რომ ვთქვათ), არამედ ინდივიდი, ვინც საკუთარ თავს წარვადგენ ან ვყვები ჩემს შესახებ და ვარსებობ მხოლოდ კონკრეტულ სამეტყველო აქტში. აკაკი შანიძის „გრამატიკის საფუძვლებიც” რომ გადავშალოთ, იქაც ვნახავთ, რომ „მე” “ავთანდილსაც აღნიშნავს, ტარიელსაც, ფრიდონსაც, თინათინსაც, ნესტანდარეჯანსაც და სხვასაც, ოღონდ თავთავიანთი თვალსაზრისით და მხოლოდ მაშინ, როცა ისინი თავის თავს ასახელებენ”. მესამე პირს კი „არ-პირს” უწოდებს აკაკი შანიძე.

აქ ბევრი ნიუანსიცაა, მაგ. ინკლუზივისა და ექსკლუზივის („ჩვენ”-ში „მე” და „შენც” იგულისხმება და „მე” და „ის”-იც), ჩვენებით ნაცვალსახელებში კი პირველ პირთან ახლოს მყოფობაც შეიძლება აღინიშნოს („ამ”) და მეორე პირთან ახლო მყოფობაც („მაგ”). თუმცა ახლა ასეთი ჩაღრმავებების დრო არაა, მით უმეტეს, რომ ჩვენმა ძვირფასმა მასწავლებელმა, დამანა მელიქიშვილმა სტუდენტობისას იმდენი გვამუშავა ამ თემაზე (განსაკუთრებით ინკლუზივ-ექსკლუზივზე), რომ არსებობს საფრთხე, სულ სხვა მიმართულებით წავიდეს ეს წერილი. სიმართლე ითქვას, პირველი ნაბიჯები გადაიდგა კიდეც ამ მიმართულებით, რადგან მეც  უკვე ავტობიოგრაფიაში შევტოპე სხვათა გულახდილობაზე საუბრისას.

ასე რომ, დავუბრუნდეთ ისევ ავტობიოგრაფიას და ვნახოთ, როგორ შეიძლება გადანაწილდეს და დაჯგუფდეს ჩვენი კლასიკოსების მიერ დანახული საკუთარი ცხოვრებები. ფილიპ ლეჟენზე და ბიოგრაფიულ თუ უპიროვნო ლიტერატურებზე საუბარი მომდევნო წერილისთვის გადავდოთ. კიდევ ბევრია ამ თემაზე სალაპარაკო და დასაზუსტებელი.

„ლიტერატურის მუზეუმის” მიერ გამოცემულ ზემოხსენებულ ორტომეულში შესული ტექსტებიდან ზოგი ძალზე ხატოვანია და დეტალური, სხვები კი მშრალი. განსაკუთრებით XX საუკუნის მწერლებს ეხებათ ეს, სადაც უმცირეს წვრილმანებში გვიწევს საჭირო ინფორმაციის ამოკითხვა. თავად ტექსტების სტრუქტურა კი ფორმალური თვალსაზრისით შემდეგნაირად შეიძლება დაიყოს:

შესავლები, სადაც ხანდახან ჟანრის ავკარგიანობაზეც წერენ ავტორები, წინაპრების ამბები, დაბადება, მშობლები, ნათესავები, ბავშვობა (მწარე თუ ტკბილი მოგონებები), აღზრდა, განათლება, შრომა, ბრძოლა და გზაზე დადგომა და რაც მთავარია, შემოქმედებითი ბიოგრაფია.

 

წინაპრები

წინაპრებზე, რა თქმა უნდა, ყველა სიამაყით, მოწიწებითა და მითოპოეტური შემართებით ლაპარაკობს. წინაპრებს უქებენ კაცთმოყვარეობას, ნიჭს, უნარებს, გაბედულებას, სიფიცხესა და დაუნდობლობასაც კი. ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი თავისი წინაპრების განათლებას უსვამს ხაზს (მეფის კარზე მდივნები ყოფილან) და ძველი გამოთქმა მოჰყავს: „თუმანიშვილები კალმით არიან დაბადებულებიო”.

გვარი და წარმოშობა კიდევ ერთი მიმართულებაა. ყველა წინაპარი როდი იყო თავისი შთამომავლების მოგვარე. ზოგიერთმა თავად დაუდეს გვარს სათავე ან გვარის შეცვლის მიზეზი გამხდარან. მაგალითად, შიო მღვიმელის (ქუჩუკაშვილის) წინაპრები ბობნაძეები ყოფილან და ახალციხის მაზრიდან გადმოსულან. ავტორი იქვე ჰყვება გვარი ქუჩუკაშვილის წარმოშობის ლეგენდასაც.

თედო სახოკიას პაპის მამა დადიანის კარზე მღვდელი იყო და ბატონი შეშასაც კი აზიდვინებდა მოძღვარს და ჭინჭარსაც აკრეფინებდა ხოლმე დიდმარხვაში, ვალად სდებია თურმე ეს საქმიანობა. ასე რომ, დიდი ხნის განმავლობაში სახოკიებს მეჭინჭრეებს (მეგრ. მეჭუჭელე) უწოდებდნენ. სახოკიების შორეული წინაპარი რაჭიდან ყოფილა, გამყრელიძე, რომელსაც მშობლიურ სოფელში კაცი შემოჰკვდომოდა და თავის გადასარჩენად გორდში (მაშინ ლეჩხუმს ეკუთვნოდა) გადმოსახლებულა, შეურთავს ცოლი და 4 ვაჟი გასჩენია, იმათაც მოუკლავთ ადამიანი (მაგ. დადიანის მოურავი ჩიქოვანი, რომელიც მათ დას ჰყვარობდა), გაქცეულან სამეგრელოში, მისულან მარტვილის ტაძარში და „ნიშნად მონობისა კისრით გამობმულან ტაძრის კარების ბოქლომზე”, რის შემდეგაც მარტვილის ტაძრის ყმებად ითვლებოდნენ და ხელშეუხებელნი იყვნენ. ხოლო გვარი გადაიკეთეს, ორმა ძმამ სახოკიები დაირქვეს, ორმა გახოკია.

გლეხი წინაპრების შესახებ, როგორც წესი, ნაკლები ინფორმაცია აქვთ, უფრო მეტი იციან თავადაზნაურული წარმოშობის მწერლებმა. ზოგიერთის ბებია ან ბაბუა შეიძლება აზნაურებს ეკუთვნოდნენ, მაგრამ „გლეხისგან არ გაირჩეოდნენ თავიანთი შრომითა და გარჯილობით”, როგორც მაგ. მარიამ გარიყულის დიდი ჯიხაიშელი ბებია, ვინც „დღე-ღამიან” მუშაობდა, უმოჯამაგიროდ, „განძიანი ოჯახი“ ჰქონდა და მას იქაური თავადებიც კი შენატროდნენ. იგი თავის აზრებს „ვეფხისტყაოსნის” ტაეპებით ასაბუთებდა თურმე.

აღმატებული სტილის თვალსაზრისით განსაკუთრებულია მწერალ ლადო მაჭავარიანის (დ.1893) წინაპრების ამბავი, რომლებიც ზესტაფონის სოფ. ილემიდან იყვნენ. ავტობიოგრაფია შემდეგნაირად იწყება: „დიდი მაჭავარიანები, ასე უწოდებდნენ ილმელებს. დიდი ზურაბი, ბაბუა ჩემი (აზნაური), ყველა თავადზე სახელგანთქმული, პოპულარული და გავლენიანი ყოფილა. დარბაისელი, დინჯი, მჭერმეტყველი – ასე ახასიათებდნენ მას თანამომსწრენი. თანამდებობით ის იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს წევრი. <…> ქუთაისის საკრებულო ტაძარში, გუბერნატორი, რომელსაც უნდა გამოეცხადებინა ბატონყმობის გაუქმების აქტი, საშიშ მდგომარეობაში ჩავარდნილა. აღშფოთებულ თავადებს უნდოდათ შუა გაეგლიჯათ, ან ნაკუწ–ნაკუწად ექციათ იგი. ამ დროს გაისმა ზურაბის მჭექარე ხმა. აბობოქრებული ზღვა თავადებისა ცხრება, მშვიდდება. „ერთი ძაღლი მე მაპატიეთო”, შესძახებს ერთხელ კიდევ ზურაბი, ჩაისვამს ეტლში, თითქოს მიწიდან ამოღებულ გუნერნატორს და გადაარჩენს მას”.

როგორია?! ხომ არის იმერული ეპოსივით?

იქვე ბებიასაც იხსენებს ავტორი: „ბებია ჩემი. საჩხერელი დიდი წერეთლის ქალი”.

წარმოშობით ჭიათურელი (გეზრულიდან) ბორის ჩხეიძის წინაპრები აზნაურები არ ყოფილან, და „არც ძიობდნენ, თუმცა ძლიერ დაიაზებით (პატივით, ცერემონიით) ინახავდნენ იმერეთის მეფის, სოლომონის სიგელს, რომლის ძალითაც აზნაურ ოთია ჩხეიძეს ებოძა სოფელი გეზრული საშვილისშვილო სამფლობელოდ”.

გურული გლეხი იყო იოსებ გრიშაშვილის პაპა დათია მამულაშვილი, რომელიც ბატონს გამოქცევია და ორთაჭალაში მებაღედ დამდგარა, „დაქორწინებულა ვინმე ლამაზ „იაგუნდაზე” და ჰყოლია ცხრა ქალ-ვაჟი”.

ეს გადაადგილებები, ბატონის თუ სხვათა მკვლელობები, გამოქცევები, ხატს შევედრებები, მონასტრის ყმობა, ახალი გვარის არჩევა და ა.შ. არაერთხელ გვხვდება ამ ბიოგრაფიებში: სვანეთიდან თბილისში ჩამოდიან, მესხეთიდან ქართლში გადმოდიან, იმერეთიდან კახეთში – ან პირიქით. ქვეყნის გარეთაც ახერხებენ წინაპრები დროებითი თავშესაფრის პოვნას.

სასეირო მოგონებები აქვს ბებია-ბაბუაზე დავით კლდიაშვილის შვილს, სერგო კლდიაშვილს. საყმაწვილო რომ აშორებოდა, ბებიას ახალშობილისთვის პირში წითელ ფხვნილში გალესილი წამალი ჩაუსხამს, „რომელმაც დროებით მომკლაო”, წერს სერგო კლდიაშვილი. საღამოს გამორკვეულა, რომ თურმე ცოცხალი ყოფილა ჩვილი. „საყმაწვილო ამშორდა, მაგრამ მას შემდეგ ენა მებმისო”, – ასკვნის ავტორი.

ბაბუა კიდევ უფრო ახირებული კაცი ყოფილა. როცა მოხუცებულა, წინასწარ კუბო მოუმზადებია და სარდაფში დაუდგამს. ბავშვს თურმე ძალიან ეშინოდა კუბოსი, მაგრამ, როცა შიგ ქათმებმა საბუდარი გაიკეთეს, გულზე მოეშვა თურმე და შეეჩვია.

სანდრო შანშიაშვილს ძალზე ხელგაშლილი პაპა ჰყოლია, შვილიშვილის მომავალზე მზრუნველი. სიკვდილის წინ მოუხმია, ქისა ამოუღია და 30 ოქროს თუმნიანი მიუცია, „შეინახე და საზღვარგარეთ წასვლას რო აპირებ, იქ მოიხმარეო. იქნებ ვეღარ გნახო. ჩემი სხეული ეხლა დასვენებას მთხოვს და აი, ეს არის სიკვდილიო”. ბაბუა მეორე თუ მესამე დღეს გარდაცვლილა.

მწიგნობარი კაცი ყოფილა ალიო მირცხულავას ბაბუა ნიკოლოზი, შეძლებული გლეხი. რუსული, თურქული და ბერძნული ენები სცოდნია, კარგი ბიბლიოთეკა ჰქონია, ლამის ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი”, 105 წელი უცოცხლია და შემთხვევით გარდაცვლილა, ცხენიდან გადმოვარდნისას.

წარმოშობით კულაშელი ებრაელი მწერლის, სამუელ მოძღვრიშვილის წინაპრები ლაილაშელი ებრაელები ყოფილან, ლეჩხუმიდან.

ერთი ავტორი ამბობს, მართალია ბაბუა წერა-კითხვის უცოდინარი იყო, მაგრამ დიდი შინაგანი კულტურით გამოირჩეოდა და პროგრესული აზრის ადვილად ამთვისებელი გახლდათო.

განათლებულ მახვშად იხსენიებს თავის პაპას, დარისპან მარგიანს მწერალი რევაზ მარგიანი.

 

დაბადება და ბავშვობა

ამ წიგნში დაბადების ერთი-ორი ფანტასტიური აღწერა გვაქვს. ასეთია მაგ. მწერალი ვახტანგ პეტრეს ძე გორგანელის „ქვეყნად მოვლინება”, რომელიც საქართველოს გასაბჭოებას შეეხება და ემთხვევა. საქმე ისაა, რომ იგი 1921 წლის 25 თებერვალს დაბადებულა, „საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების პირველს დღეს”. და ამ მოვლენას იგი ასე აღწერს: „მამა სიხარულისაგან გარედ გავარდნილა, სამჯერ უსვრია თოფი, მერე სახლში შეჭრილა, თოთო ბავშვი ავუყვანივარ ხელში და 25 თებერვლის დილას დაფნის ტოტივით წინ შემაგება თურმე: ეს გამარჯვება შენი სიცოცხლის თავდები იყოსო, შვილო!”.

დაბადებას უკავშირდება თარიღების თემაც, დაბადების თარიღების შეცვლა და მასთან დაკავშირებული გაუგებრობები. ეს მოვლენა ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ახსნა არაერთ ავტობიოგრაფიაში გვხვდება, ყველაზე გამორკვევით კი ლეო ქიაჩელთან: „როცა წლოვანებას მიკლებდნენ, ჩემი მშობლებიც ალბათ იმავე მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ, რომლითაც ჩვენში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში, ყველა მშობელი ხელმძღვანელობდა. მოსაზრება ასეთი იყო: სამხედრო ბეგარის მოხდის დროს უფრო ტანგამაგრებული იქნება და მის მძიმე ტვირთს უცხოეთში უფრო ადვილად აიტანსო”.

თარიღებთან დაკავშირებით არაჩვეულებრივია გრიგოლ ჩიქოვანის შენიშვნა საკუთარ დაბადებაზე: „1910 წლის 15 მარტს დავიბადე. დღემდე მეგონა, რომ 18 სექტემბერს ვიყავი დაბადებული და ჩემი დაბადების 60 წლისთავი ამ თარიღით აღინიშნა”.

ზოგი მთხრობელი პირველი შვილია, ზოგიც მეექვსე, მერვე ან მეათე. სხვანაირი ფორმულირებებიც არსებობს: ცხრიდან მესამე, ექვსი შვილიდან მეორე და ა.შ. ზოგი ტყუპისცალია.

არიან ვუნდერკინდებიც. მაგ. გოგლა ლეონიძე, ვინც 4 წლისამ უკვე ანბანი იცოდა და 5 წლისა გაზეთებს კითხულობდა. დაისვამდნენ თურმე ოჯახში და იაპონიის ომის ამბებს აკითხებდნენ „ცნობის ფურცლიდან”.

ძალზე ხატოვნად აღწერს თავის პირველ „შთაბეჭდილებას“ აკაკი გელოვანი: „ჩემთვის ეს [დაბადება] დიდი მოვლენა იყო, რადგან ამ დღეს ვიხილე პირველად მსოფლიოს უმშვენიერესი კუთხე – სვანეთი. ეს მოხდა ლალხორალში, ზემო სვანეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჩანჩქერის თავზე არწივის ბუდესავით დადგმულ ვიწრო სავანეში”.

დაბოლოს, ჩემი საყვარელი კატეგორია უნდა ვახსენო, რომელიც ერთი ფრაზით შეიძლება გადმოიცეს: „დავიბადე ინტელიგენტებისა და წიგნის მოყვარულების ოჯახში”. ესაა ფრაზა, რომელსაც დღესაც ხშირად გაიგონებთ, დღესაც ბევრი იწონებს თავს ამ ბუნდოვანებით, კვლავ ივსება დარბაისელ ქართველთა რიგები ინტელიგენტების და მწიგნობარი ხალხის შთამომავლებით, ამაყი, დახვეწილი, ორგზის და სამგზის ინტელიგენტი ქალ-ვაჟებით.

 

(გაგრძელება იქნება)