ტოპ 5 ცოცხალი ქართველი მწერალი

ცოცხალი ქართველი მწერლების ტოპ ხუთეულს ანბანის მიხედვით დავაწყობ:

ზაზა ბურჭულაძე

პირველი ნომერი იქნება ზაზა ბურჭულაძე. ის ძალიან სერიოზულ მწერლად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით  „მინერალური ჯაზი“ გამოქვეყნების შემდეგ.

„მინერალური ჯაზი“ თანამედროვე ქართული პოსტმოდერნისტული რომანია, რომელიც სამჯერ გამოიცა. რომანი იწყება როგორც საცირკო ტრაგიკომედია, გადადის დეტექტიურ სიბრტყეში, ბოლოს კი გადაიზრდება კარნავალში, ფეერიაში (ფეერია არის უმშვენიერესი სიტყვა, რომელიც ამ რომანს ასახავს). რომანი ერთდროულად მოგვაგონებს კარგ, მამაპაპურ, დახვეწილ, ქართულ სადღეგრძელოს და ამავე დროს ძალიან სერიოზულ ჯაზურ იმპროვიზაციას, როგორც იტყვიან, ფიუჟენის სტილში. ეს გახლავთ ხალხური სიმღერის ლიტერატურული და ვირტუოზული არანჟირება.

„მინერალური ჯაზი“ 2003 წელს გამოიცა. ერთი წლის შემდეგ, 2004 წელს გამოიცა „სახარება ვირისა“. როგორც ხედავთ, ეს წლები მისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. ნაწარმოებმა  მღელვარება გამოიწვია – „მორიგი მკრეხელობა ხომ არ არის?“, „განა შეიძლება ნაწარმოებს დაარქვა „სახარება ვირისა“?“ და „რატომ არის ეს პროზაიკოსი სკანდალზე ორიენტირებული?“…

ყდას რომ გადაშლით, დაინახავთ, რომ წერია „სახარება ვირისა“ გაგა ლომიძის კომენტარებით“. ეს უკვე განსაკუთრებულ მრისხანებას იწვევს, ანუ, „გაგა ლომიძე იოანე ოქროპირის ადგილას უნდა დავინახოთ?“.

თუ არ ვიჩქარებთ და „ჯვარი აქაურობას“ არ შევძახებთ, აღმოჩნდება, რომ ნაკლებად სკანდალური წიგნია. კულტუროლოგიური რამ არის, ეს არის ვირი, რომელიც ლაპარაკობს მსგავსად ბალაამის ან აპულეუსის ვირისა, ესაუბრება მკითხველს და ნელ-ნელა ჩვენ წინაშე იშლება დიდი პანორამა. რომანი კულტუროლოგიური იმიჯებითაა სავსე. ვტრიალებთ ამ საინტერესო სამყაროში და ამავე დროს ჩნდება მთავარი – გალაკტიონის სახე. ავტორი გვიყვება, როგორ გაიგო სამყარომ, რა არის გალაკტიონი. როგორც თვითონ ამბობს „გალაკტიონით წერს“, და „სახარება ვირისა“ პოეტების მეფის ენით დაიწყებს მეტყველებას.

ეს არის შესანიშნავი მხატვრული ჩანაფიქრის ლიტერატურული განხორციელება. ყველამ ვიცით, რომ „სახარება ვირისა“ ზაზა ბურჭულაძის შემოქმედების ხარისხის ნიშნად  იქცა და ვისაც ის უყვარს, უყვარს ამ წიგნის გამოც და ვისაც არ უყვარს, ისევ ამ წიგნის გამო არ უყვარს.

შემდეგ იყო მოთხრობების კრებული, რომელსაც ჰქვია „ხსნადი კაფკა“. ეს არის ეპატაჟური პროზა, პოსტმოდერნისტული ხერხებით, რომელიც თავის დროზე ანტინარატიულ მინერალურ ჯაზში გადაიზარდა. კრებულში შესულია „სიმფსონები“, „წერილი დედას“, „passive attack” „ფონოგრამა“, „შვიდი ბრძენი“. ზაზა ბურჭულაძე, ერთგვარად, მცირე ჟანრში თავის მოღვაწეობას აფასებს და ახალ კონტურებს სახავს. მისი მოთხრობები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ ყველგან ვგრძნობთ მისთვის დამახასიათებელ ენობრივ ექსპერიმენტს, მუსიკალური და თხრობითი ტექსტების სინესთეზის ძალიან სერიოზულ მიღწევებს.

შემდეგ იყო რომანი „ადიბასი“, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ასახავს, და რომლის მთავარი პერსონაჟი გახლავთ სექსი. სექსი და ძალადობა აქ ომის სინონიმია.   ადამიანზე ძალადობა და პოლიტიკა ჯერ კიდევ როდის დაუკავშირდა ერთმანეთს – ზაზა ბურჭულაძე ამას ძალიან ლამაზად გამოხატავს, უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია, სათაურიც მიგანიშნებთ, რომ ფეიკი სათაურია, ფეიკი ამბავია და ზოგადად, ფეიკში ვცხოვრობთ.

ამას მოჰყვა მისი ერთ-ერთი ბრწყინვალე ნაწარმოები „გასაბერი ანგელოზი“, რომელმაც ილიას უნივერსიტეტის პრემია დაიმსახურა. იმ დროს, როდესაც ისლანდიაში ვულკანმა იფეთქა და აეროპორტები რეისებს აუქმებდნენ, მთაწმინდაზე გოროზიების ოჯახში გურჯიევის სულს იძახებენ თეფშის დატრიალებით. გურჯიევიც გამოჩნდება და ძალიან საინტერესო ამბებიც მოჰყვება.

არც ბოლო რომანის გამოქვეყნებისას უღალატა ჩვეულებას და 2015 წელს გამოსცა შედევრი – „ტურისტის საუზმე“. ესაა მწერლობის ნატურალისტურ-ჰუმანისტური ძეგლი, ნატურალიზმის თანამედროვე და ჰუმანიზმის  ანტიკური და შუა საუკუნეობრივი გაგებით, ავტორი საპრემიო ფინიშზე გავიდა, თუმცა მსოფლიოში არ არსებობს ლიტერატურული პრემია, რომელიც ამ ტექსტს მოირგებდა.

ზაზა ბურჭულაძე ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში, საკმაოდ ცნობილი კაცია იმ სამყაროსთვის და, ვფიქრობ, ანბანის მიხედვით კი მოხვდა პირველ ადგილზე, მაგრამ ყველაფერს თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს.

ლაშა ბუღაძე

ანბანმა მეორე ადგილი ლაშა ბუღაძეს მიაკუთვნა. ლაშა ბუღაძე ძალიან ცნობილი და გამორჩეული ავტორი გახლავთ: მას ჩვენ ვიცნობთ როგორც საზოგადო მოღვაწეს, როგორც სატელევიზიო სახეს, როგორც დრამატურგს, რომელსაც უამრავი პიესა აქვს დაწერილი: „ყუთი”, „საუკუნის მკვლელობა”, „მესამე სართული”; საინტერესო იყო მისი „დიალოგი ცენზურაზე”. აქვს მთელი ციკლი გადაცემებისა, „25 პატარა პიესა”, „ნაფტალინი”, „ოთარი და სხვა პიესები”, „ის სკამი და ეს საწოლი” – პოლიტიკური პიესა და ა.შ და ა.შ.

ეს კაცი ცნობილია იმითაც, რომ სერიოზულად მოკრიბა „საბას“ პრემიები,: 2004 წელს მიიღო „საბა“ საუკეთესო პიესისთვის – „ნუგზარი და მეფისტოფელი”, 2007-ში საუკეთესო რომანისთვის – „ოქროს ხანა”, 2009-ში ისევ პიესისთვის – „ნაფტალინი“, 2012-ში ისევ პიესისთვის – „ნავიგატორი” და აღებული აქვს უამრავი სხვა პრემიაც – ლიტერატურული პრემია – წინანდალი, პარნასის პრემია და ასე შემდეგ.

ეს არის უაღრესად ნაყოფიერი ავტორი, რომელიც უპირველეს ყოვლისა რომანისტია. მე ყველა რომანს არ შევეხები, მაგრამ სამს აუცილებლად ვახსენებ. ესენია: „ბოლო ზარი”, რომელიც ბევრს დაგვამახსოვრდა, როგორც ახალი თაობის სიტყვა და სიტყვა ახალ თაობაზე. წიგნს საზოგადოების ნაწილი სერიოზული აღშფოთებით შეხვდა – რომ ეს გარყვნილი წიგნია და „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანაში ეს როგორ უნდა დაწერილიყო. ვისაც თანამედროვე საქართველოს გაცნობა სურს, ლაშა ბუღაძის „ბოლო ზარი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რომანი 16 წლის საბურთალოელ ბიჭზეა, რომელიც სკოლაში ვაკეში დადის  და ცდილობს,  ვაკის იმიჯს მოერგოს. ჩვენ გარდა, მსოფლიოში ვერავინ გაიგებს, რა პრობლემაა ეს – საბურთალოელი ვაკეში. მას მოსწონს თავისი კლასელი ნინჩო, რომელსაც, რა თქმა უნდა, როგორც ამ ასაკის გოგოებს, 21 წლის კრიმინალი ნადრიკუჩა უყვარს. დემური გადაწყვეტს, რომ მას დაემსგავსოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

როდესაც ათი წლის შემდეგ ეს ხალხი ერთად შეიკრიბება, უცბად გაირკვევა, რომ არაფერი შეცვლილა. უფროს თაობას ამ რომანში განსაკუთრებით არ მოეწონა ის, რომ დემურს უცნაური ამბები ემართება – ფორტეპიანოს მასწავლებელი რუსიკო შეუყვარდება და მისი საყვარელი გახდება. ასეთი რამეების გაგონება ჩვენ არ გვიყვარს, მაგრამ ეს ლაშა ბუღაძემ ჩვენს საზოგადოებას გააგონა. რომანი საზოგადოების ძალიან სერიოზული სარკეა, დაწერილი ნათელი ენით, ხალისიანი და ნათელი იუმორით. მაგალითად, დაუვიწყარია პატარა გოგონას შეფასების ეპიზოდი, როცა ის ამბობს, რომ ქრისტე კაი ტიპი იყო. აი, მარტო ამ ფრაზისთვის ღირდა ამ რომანის დაწერა.

მას ჰქონდა შემდეგ რომანები „ოქროს ხანა” „კარიკატურისტი“, „ლიტერატურული ექსპრესი” და „პატარა ქვეყანა”, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ახალ რომანს საფუძვლად უდევს ავტობიოგრაფიული ეპიზოდი. 23 წლის ავტორმა დაწერა მოთხრობა, რომელსაც ერქვა „პირველი რუსი”. მასში მოთხრობილი იყო თამარ მეფისა და მისი პირველი ქმრის იური ბოგოლიუბსკის წარუმატებელი პირველი ღამის ამბავი, რომელსაც მწერალი წარმოადგენდა პოლიტიკის, რუსულ-ქართული ურთიერთობის სიმბოლოდ, როგორ არ გამოგვივიდა ეს ურთიერთობები.

ეს მოთხრობა და მისი შინაარსი იმ დროს ძალიან გაძლიერებულ, მგონი, ძლევამოსილების პიკში მყოფ მართლმადიდებულურ ეკლესიას არ მოეწონა. ბუნებრივია, არ მოეწონათ ურაპატრიოტ პოლიტიკოსებსაც. მწერალს ფიზიკური ანგარიშგებით ემუქრებოდნენ და აიძულეს, ბოდიში მოეხადა საპატრიაქროში, მაგრამ ამის მიუხედავად, მწერალმა საჯარო ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა და მისი პრესკონფერენცია გაყალბდა, მას ხმისა და აზრის გამოხატვის უფლება წაერთვა.

ეს არ არის ავტობიოგრაფია, მით უმეტეს, არ არის დოკუმენტური პროზა. ეს, რა თქმა უნდა, რომანია, რომლის ბიოგრაფიული პასაჟები უბრალოდ ორიენტირებს ამყარებს და გვაძლევს საშუალებას, გავიხედოთ უფრო წინ.

„პატარა ქვეყანა“ – რომანის სათაურის ბევრნაირად გააზრებაა შესაძლებელი, როგორც მოცულობით და მნიშვნელობით პატარა ქვეყანა, როგორც ზნეობრივად პატარა ქვეყანა, მისი საზოგადოების მდგომარეობის თვალსაზრისით და სხვა.

ეს მწარე რომანია. მასში არ არიან დადებითი პერსონაჟები. „პატარა ქვეყანა“ შეგვიძლია, წავიკითხოთ როგორც, ე.წ. ჩამოყალიბების რომანი, როგორც ჰანს კასტორპი, როგორც ვილჰელმ მაისტერი, აქაც ყალიბდება ადამიანი და ეს ადამიანი საკმაოდ დაუნდობელია საკუთარი თავის მიმართ და გვაჩვენებს, რომ მწერლობა შეიძლება ასეთი იყოს. ვფიქრობ, რომ „პატარა ქვეყანა“ ბოლო წლების ჩვენი განსაკუთრებული წარმატებაა. ეს რომანი მარწმუნებს, რომ ლაშა ბუღაძეს ამ შესანიშნავ ხუთეულში სწორად ვხედავთ.

მისი ბოლო რომანი კი გახლავთ „აუდიტორია“, რომელში დასმულია კითხვა, როდის არის ადამიანი არაყალბი, როდის არის ადამიანი ისეთი, როგორიც უნდა იყოს, როდის არის ჭეშმარიტი, ნამდვილი? მარტო როცაა და არავინ არ აკვირდება, თუ პირიქით, როცა ის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია? რატომ სჭირდება ადამიანს აუდიტორია? იგი ლაპარაკობს გულებზე, მოწონებებზე, იმ აღიარების წყურვილზე, რომელიც ადამიანს დაბადებიდან თან ახლავს. რამდენიმე პერსონაჟი, რომელიც ერთმანეთს ვირტუალურად იცნობს, ცდილობს დამალოს საკუთარი თავი და აჩვენოს ისეთი, როგორიც არ არის. წარმოსახვითი აუდიტორიის წინაშე ადამიანები ცდილობენ პირნათელი წარდგნენ. დღევანდელობის გათვალისწინებით დაწერილი რომანია, ის ვერ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო სოციალური ქსელები. იმ ეპოქაში, სადაც ასეთი რამე არსებობს, ეს მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.

გურამ დოჩანაშვილი

სტატიის გამოქვეყნებისას, 2020 წელს, ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ცოცხალი იყო. რედ. შენიშვნა.)

გურამ დოჩანაშვილს, ჩვენს ცოცხალ კლასიკოსს ანბანით რიგით მესამე ადგილი ერგო, თუმცა, ბუნებრივია, ის აბსოლუტური ჩემპიონია ამ სიისა. აუცილებლად შევეხები მის სამ დიდ ნაწარმოებს და ორ მოთხრობას.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის 2002 წელს გამოცემული „ლოდი ნასაყდრალი“, ძალიან რთული წიგნი, რომელშიც სერიოზული საკითხები დაისვა და სრულიად სახეცვლილი სტილით წარდგა მწერალი, რომელიც მანამდე სხვა რამეებით იყო ცნობილი. ენობრივმა ექსპერიმენტებმა, ჩემი აზრით, ამ ძალიან რთულ რომანში განსაკუთრებულ სიმაღლეს მიაღწია.

ბოლო წიგნები, ესაა სამ ნაწილად გამოქვეყნებული, სამი წიგნი „ბრმადყოფილზე. და…“, ამ რომანზე გურამ დოჩანაშვილი ძალიან დიდხანს, რამდენიმე წელი მუშაობდა. ის სამი ნაწილისგან შედგება.

აქ ვხდებით ბიბლიურ სიუჟეტს, იოანე სახარების მეცხრე თავიდან, რომელშიც მოთხრობილია ამბავი უსინათლოსთვის თვალის ახელის შესახებ. რას ნიშნავს თვალის ახელა, რა თვალის ახელაზეა ლაპარაკი, საუბარია იმაზე, რომ ფიზიკურ სამყაროს ხედავ, თუ ლაპარაკი ეხება იმას, რომ ხედავ იმას, რასაც ვერასოდეს ხედავდი – ტირესიასის, ოიდიპოსის თვალის ახელაზე.

გურამ დოჩანაშვილს ყველაფერთან ერთად იცნობენ თავისი გენიალური მოთხრობით, რომელსაც ჰქვია „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. ესაა მოთხრობა ლიტერატურის სიყვარულზე, მაგრამ ესაა ამავე დროს სატირული ასახვა იმ საზოგადოების, რომელიც რაღაცებს იკვლევს, რაღაც შეკითხვებს სვამს, ვითომ რაღაც აინტერესებს. ეს არის ქებათა ქება ლიტერატურას. ეს არის დადგმული ძეგლი ლიტერატურისთვის სწორედ მაშინ, როდესაც ლიტერატურის რაობა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. კაცობრიობა, მოგეხსენებათ, ცოტა შეშფოთებული გახლდათ მოსალოდნელი ბირთვული ომის გამო და მწერლობა მოისუსტებდა. მაშინდელ დროში ამ მოთხრობის დაწერა ლიტერატურის გადასარჩენად დონკიხოტური ბრძოლის უბრწყინვალესი მაგალითი იყო, სიკეთემ ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, ლიტერატურა გადარჩა და ეს შესანიშნავი მოთხრობაც დარჩა.

მე ძალიან მიყვარს „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, ფანტასტიკური მოთხრობა, რომელმაც ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი რამ ქნა და რომელმაც ბევრი სიტყვა შემოიტანა ქართულ სალაპარაკო ენაში.

ასევე მე ძალიან მიყვარს დოჩანაშვილის „დაეძებდა“ – ერთგვარი მოთხრობა, ალაგ დეტექტივიც, რომელშიც ძალიან ბევრ საინტერესო რამესთან ერთად ვიგებთ, რომ  რკინიგზელებისა და პროკურორების ფორმა ერთმანეთს ჰგავდა და ამაზეა აგებული ეს  ენის სიღრმეში შესული მოთხრობა.

დაბოლოს, გურამ დოჩანაშვილი იყო, არის და რჩება უდიდესი ქართული რომანის „სამოსელი პირველის“ ავტორად.

რაც შეეხება ამ რომანს,  „სამოსელი პირველი“ არის კლასიკური სიუჟეტი უძღები შვილისა, სახლიდან წასული კაცისა, რომელიც შინ ბრუნდება. ეს არის ოდისევსის სახე, ეს არის ღვთაებრივი სახე დომენიკოსი.

მან ნახა სამი სამყარო, ის იყო უპირველეს ყოვლისა ლამაზქალაქში, სადაც ადამიანთა ურთიერთობისას გაიგებს, რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწრფელობა, პატიოსნება, სადაც მას ეყოლება პირველი ქალი, სადაც მას ეწვევა პირველი დიდი სიყვარული, შეემთხვევა პირველი დიდი ტრაგედია და სხვა.

ლამაზქალაქში იგი წავიდა მას შემდეგ, რაც მაღალსოფელში იცხოვრა და აქ მთავარი სახე არის მამა, რომელსაც აქვს სამოსელი პირველი და ამ სამოსელი პირველის მორთულობის ნაწილებით არის მისი გზა „დაფინანსებული“.

ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა მაღალსოფელშიც, მაგრამ სამოგზაუროდ წასული დიდ ქალაქში აღმოჩნდა. დიდ ქალაქში აღმოაჩინა ადამიანები, როგორებიც არის – დროის მატარებელი ტულიო, ამხანაგების მაძიებელი ვინმე ედმონდო, უწყინარი მღებავი ვინმე ანტონიო, ანტონიოს სიძე ვინსენტე, დებოშის ამტეხი, მუდმივად დებოშიორი ჯუზეპე, გიჟად წოდებული ძალიან კეთილი კაცი ალექსანდრო, ყალბი მასპინძელი არტურო ევალია ჯან ჯაკომო და ასე შემდეგ; უამრავი საინტერესო პერსონაჟი მათ შორის განსაკუთრებით საინტერესო მამიდა არიადნა, რომელიც ხშირად ახსენებს ხოლმე ვასკოს, რომელიც ნაწარმოებში არ ჩნდება; სენიორ ჯულიო უაღრესად დარბაისელი კაცი, რომელიც ვიღაცას ძალიან გვაგონებს; დურილიო, ლამაზქალაქელთა მრჩეველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი ვინმე, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ტერეზა, ე.წ. ნამდვილი ქალი. ტერეზას გარდა, რომელიც არის ნამდვილი ქალი, ჩნდება ანამარია. ძალიან გახშირდა ეს სახელი საქართველოში სწორედ გურამ დოჩანაშვილის დამსახურებით. ეს არის უბრწყინვალესი,  ულამაზესი სახე, ამ რომანში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი და ყველაზე მძიმე ამბის მაუწყებელი.

როგორც ცნობილია, ლამაზქალაქი ერთი ადგილი იყო. არის მეორე ადგილი კამორა. ეს არის საშინელება, რომელსაც ხელმძღვანელობს დიდი მარშალი ედმონდო ბეტანკური, სადაც გამოჩნდებიან ფრედერიკო სეზარი – დიდი პოლკოვნიკი, მიჩინიო – პოლკოვნიკის მარცხენა ხელი, არუფა მარშალის კატა და ასე შემდეგ. საშინელებათა ამ წყაროსთან გაცნობის შემდეგ ადამიანი აღმოჩნდება მიწიერ სამოთხეში, რომელსაც ჰქვია კანუდოსი, რომელშიც ასახულია დიდი ამბავი ბრაზილიის ისტორიიდან. მოგეხსენებათ, ეს არის კანუდოსის აჯანყება, კონსეილეირუს გამოჩენა და მისი ხალხი და ეს ყველაფერი გადმოტანილია სხვა სამყაროში. დიდი კანუდოსელები, კანუდოსის დაცემა, ყველაფერი ეს ნახა ჩვენმა ახალგაზრდა კაცმა და ბოლოს და ბოლოს იგი შინ დაბრუნდა.

ჩემი აზრით, ამ რომანმა საქართველოს აჩუქა ის, რაც მისთვის ასეთი უჩვეულო იყო. ჩვენ არ ვიცნობდით ასეთი ტიპის რომანებს და ჩემთვის იგი რჩება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე დიდ გარღვევად, მიღწევად ქართულ ლიტერატურაში. ამიტომ გურამ დოჩანაშვილი სრულიად სამართლიანად ამ ხუთეულში თავის ადგილს იკავებს.

 აკა მორჩილაძე

2019 წელსაც ტრადიციულად „საბას“ პრემია მოიპოვა აკა მორჩილაძემ, იგივე გიო ახვლედიანმა, ამჟამად რომანისთვის „კუპიდონი კრემლის კედელთან“, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.

„…რაიც მერე ვაგონში დატრიალდა, იმას საბჭოთა კინოში კომედიათ ვერავინ გადეიღებდა…” – ასეთ ენაზე დაწერილი ნაწარმოებია. იმას, რაც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის „მეჟდუნაროდნი“ ვაგონში ხდება, არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა. საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს.

ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ქართული ლიტერატურისთვის და თუ ოდესმე ქართული ლიტერატურა ნობელის პრემიას დაიმსახურებს, სწორედ ამ საშინელი თემის დამსახურება იქნება. ვფიქრობ, აკა მორჩილაძემ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა.

აკა მორჩილაძე არის „საბას“ პრემიის და საერთოდ ქართული ლიტერატურული პრემიების რეკორდსმენი. ჩამოთვლაც კი რთულია:  2000 წელს მან მიიღო საუკეთესო რომანისთვის პენ ცენტრის ჯილდო, 2002 წელს წიგნის ფესტივალზე – საუკეთესო რომანისთვის; ამის შემდეგ დაიწყო „საბას“ ეპოქა – 2003-ში „შენი თავგადასავლისთვის“, 2005-ში „სანტა ესპერანსასთვის“, 2006-ში „ვენერას სიზმრისთვის“, 2008-ში „Maid in Tiflis”-სთვის, 2010-ში ილიას უნივერსიტეტმა მიანიჭა წლის საუკეთესო რომანისთვის „მამლუქი“, 2012-ში „საბა“ მიენიჭა საუკეთესო რომანისთვის „obOle“ და 2019-ში ისევ „საბა“ კუპიდონისთვის.

მისი რომანებიდან გამოვარჩევდი იმას, რომელიც შესაძლოა ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი იყოს. ეს არის, რა თქმა უნდა, „სანტა ესპერანსა“, სადაც ვეცნობით გამოგონილ სამყაროს, გამოგონილ კუნძულს. ამ კუნძულზე არის ქვეყანა, ამ სასწაულებრივი სამყაროს კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც სურს ყველაზე არაჩვეულებრივი თამაში ითამაშოს მსოფლიოში, გაიგოს კუნძულების დრამატული ისტორია, მოისმინოს ნაღვლიანი სიმღერები, გამოააშკარაოს იმ ლეგენდის საიდუმლოება, ყველაზე გრძელი ჩიბუხის ამბავს რომ უკავშირდება.

ამ წიგნს ლიტერატურული პრემია მიანიჭეს. იგი ითარგმნა გერმანულ ენაზე და ამ წიგნმა მოიტანა ძალიან სერიოზული რამ, კომერციული ამბავიც კი – გაიხსნა ამ წიგნის სახელობის მაღაზია. უჩვეულო ამბავია, რა თქმა უნდა. დამოუკიდებლობის ხანის ლიტერატურა 30 წელს მოიცავს და ცოტაა ისეთი წიგნი, რომელზეც ეგრევე იწყება ლაპარაკი, არამარტო წიგნზე, არამედ მის მნიშვნელობაზე, ასეთი აღმოჩნდა „სანტა ესპერანსა“. ამ რომანის წაკითხვა ბევრნაირად და შესაბამისად ბევრჯერ შეიძლება, ბევრნაირად ნიშნავს მრავალი თანმიმდევრობით.  ეს არის საქართველოს ალტერნატიული ისტორია.

ეს ჩვენთვის ახალი არ უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ „ვეფხისტყაოსანიც“ გარკვეულწილად ალტერნატიული ისტორიაა, განსხვავებით საქართველოს ისტორიისგან, ტარიელი და ავთანდილი გამეფდნენ და არა ნესტანი და თინათინი. რუსთაველი გვთავაზობდა ალტერნატიულ ისტორიას, აკა მორჩილაძემაც სანტა ესპერანსას სახით მთელი ახალი მატერიკი აღმოაჩინა, სადაც არიან გენუელი ვაჭრები, ოსმალო დამპყრობლები, ბრიტანეთის დომინიონი არის სანტა ესპერანსა, მისი უფლება მე-19 საუკუნეში მოიპოვა. ანუ მთელი რიგი მინიშნებები აქვს და ისეთი ეფექტი აქვს, როგორც ერთხელ ერთმა ქართველმა ფილოსოფოსმა თქვა – ანატომიის წიგნს რომ კითხულობ და ხვდები, რა ხდება ორგანიზმში, დაახლოებით ასეთ ეფექტს ახდენს სანტა ესპერანსაო.

ძალიან საინტერესოა, რომ ამ შესანიშნავ დიდ რომანში ჩანს ბორხესის, კორტასარის, პავიჩის, პელევინის კვალი. აკას ასევე იცნობენ სხვა ჟანრის ნამუშევრებითაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არის „გადაფრენა მადათოვზე და უკან“, ქართული უმშვენიერესი დეტექტივი ძალიან სერიოზული წიაღსვლებით, სადაც კნუტ ჰამსუნი გამოჩნდება თავისი საკუთარი პედერსენის გვარით, სადაც უამრავი რამ მოხდება, მერე იქნება „გაქრები მადათოვზე“, „ვეშაპი მადათოვზე“, ანუ მადათოვთან დაკავშირებული მთელი ციკლი. არამარტო კუნძული გაქრა, არამედ გაქრა რაღაც სამყარო, რომელსაც აკა მორჩილაძე ძალიან იოლად და სიმსუბუქით აბრუნებს. ეს წიგნი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

რაც შეეხება, ჩემს რჩეულს აკა მორჩილაძის შემოქმედებაში, ეს არის რომანი „obOle”. მოქმედება აქ რამდენიმე ადგილას ხდება, უპირველეს ყოვლისა დასავლეთ საქართველოში, ლეჩხუმის სოფელ მურში, თბილისში – ვაკეში და, არც მეტი და არც ნაკლები, სანტა ბარბარაში. ყველაფერი იწყება იმით, რომ მურში არის სახლი, რომლის სახურავიც დაზიანდა. ვარლამიემ, რომელსაც იმის ნაცვლად რომ ჯერ თბილისში თბილისელი პატრონისთვის დაერეკა, უშველეთო, პირდაპირ ნიკას დაურეკა ამერიკაში. ნიკამ გააკეთა ის, რაც ვარლამიეს თავიდანვე უნდა გაეკეთებინა, ანუ დაურეკა თავის ძმას თბილისში და იწყება მოქმედება. ეს არის ძალიან ღრმა და ძალიან ქართული წიგნი, ყველაზე უფრო ქართული წიგნი, რომელიც აკა მორჩილაძეს დაუწერია. ის, მოგეხსენებათ, უცხოეთშია, ინგლისშია, და ეს აძლევს საშუალებას, შორიდან შეხედოს საქართველოს. მან შექმნა ისეთი ადამიანების პორტრეტი, რომლებიც შეუძლებელია, წარმოიდგინო საქართველოს მიღმა. უნიკალური პორტრეტები შეიქმნა, მარტო ოდენ made in Georgia, made in Tiflis, made in Muri, აი, ასეთი სახეები შექმნა და, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი განსაკუთრებული და სერიოზული გამარჯვება ლიტერატურის სფეროში.

ზურაბ ქარუმიძე

ხუთეულის მეხუთე ნომერი ზურაბ ქარუმიძე – ქარუმიძე, მოგეხსენებათ, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. მას  დაცული აქვს დისერტაცია – „მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში“ და ძალიან დიდხანს იმუშავა ლიტერატურის კვლევის ცენტრში უნივერსიტეტში.

იგი ამავე დროს იყო ფულბრაიტით მოწვეული მკვლევარი, სწავლობდა პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას და ეს არის კაცი, რომელიც ძალიან სერიოზულადაა უცხოეთთან დაკავშირებული. ქარუმიძის ორი მოთხრობა, რომელიც თვითონვე თარგმნა ინგლისურად, გამოქვეყნდა ამერიკაში Clockwatch Review-ში ბლუმინგტონში და ცნობილია იმით, რომ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ინგლისური მიმართულებით მნიშვნელოვანი ფიგურაა.  როგორც მწერალი, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო გამოკვეთილად პოსტ მოდერნისტული მწერალია საქართველოში.

ის წერას იწყებს 88 წლიდან, ადრე დაიწყო წერა, მოგეხსენებათ, ეს არის „ოპერა“ მოთხრობათა კრებული, შემდეგ იყო მისი შესანიშნავი რომანი „ღვინო მუქი ზღვა“, ამის მერე „თხა და გიგო“ და 2006 წელს „Dagny or a Love Feast“, ანუ რომანი ინგლისურ ენაზე დაგნიზე. ედუარდ მუნკის, კნუტ ჰამსუნის მუზა უმშვენიერესი წითურთმიანი დაგნი იუელი თბილისში სასტუმრო „გრანდ ოტელში“ საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ამბავია, რომელიც თბილისს უკავშირდება, საერთაშორისო თვალით რომ შევხედოთ ამ ქალაქს.

ლეგენდარული პიროვნების გარდაცვალება საიდუმლო გარემოებებში ქალაქ თბილისში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ელოდებოდა თავის მწერალს და ზურაბ ქარუმიძე ამ ლეგენდარული ქალის ისტორიას მოგვითხრობს. მას უყვარს ისტორიული მოვლენებისთვის ხელის ჩავლება. ეს რომანი იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, ვინაიდან ძალიან ცნობილ პიროვნებას ეხება და ძალიან კარგად არის დაწერილი, რომ „დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი“ გერმანიაში გამოცემული წიგნების საუკეთესო სამეულში დასახელდა, რაც ქართული რომანისთვის სრულიად წარმოუდგენელი ამბავი გახლავთ. გერმანულმა მაუწყებელმა თქვა, რომ მესამე ადგილზეა მათ სიაში და გაუსწრო ისე ავტორებს, როგორებიცაა, მაგალითად, 2019 წლის ნობელის ლაურეატი პეტერ ჰანდკე და ძალიან ცნობილი ელენა ფერანტე.

კულტურათაშორისი ურთიერთობით მოჯადოებული ავტორი ძალიან ბევრ რამეს ვირტუოზულად, პოსტ მოპდერნული მანერით აერთიანებს. ესაა თანამედროვე ხელოვნება, სიყვარულის მაგია, საქართველოს ისტორია და მითები, მათ შორის, რა თქმა უნდა, მთავარი ქართული იარაღი მსოფლიოს წინაშე – სტალინი, სტალინის სახე. ამ ყველაფერს უცხოეთმა დიდი ყურადღება მიაქცია და ძალიან ტრადიციულ ტოპ ათეულში მესამე ადგილი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ასეთი რამეები იშვიათად ხდება. ვფიქრობ, რომ დაგნი კიდევ უფრო მეტსაც მოიპოვებს, იმიტომ, რომ იგი ახლა გადის მსოფლიო გზაზე და მასზე ძალიან სერიოზული რეცენზიებია გამოქვეყნებული, მათ შორის Frankfurter Allgemeine-ში, დოიჩე ცაიტუნგში, და ასე შემდეგ. ქართული ეროვნული წიგნის ცენტრი აღნიშნული წიგნის პრეზენტაციას აწყობდა ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს.

ეს ავტორი ცნობილია ასევე თავისი რომანით, დოკუმენტური პროზის ნიმუშით, რომელმაც „საბას“ პრემია დაიმსახურა, ეს გახლავთ „ჯაზის ცხოვრება“. ასევე მას აქვს დაწერილი რომანი „მელია ტულეფია“, მე ამ რომანს თავის დროზე გადაცემა მივუძღვენი. ზურაბ ქარუმიძის ეს რომანი არ არის უბრალო რამ. ეს იყო 2011 წლის უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენა, რომელმაც რაღაცნაირად ქართულ ლიტერატურაში პოსტ მოდერნიზმის ამბავი დაალაგა.

„მელია ტულეფია: Fox-trot“ ორი ურთიერთამრეკლავი სათაურით, ესაა ქართული მოდერნიზმის პოსტ მოდერნისტული აპოლოგია. ანუ გარკვეული გაგებით ეს არის ერთი ეპოქის  მეორე ეპოქიდან დანახვა. ის არის მოდერნი, რომელიც არის აღწერის საგანი, ხოლო აღწერის ენა არის პოსტ მოდერნული.

ეს არის აპოლოგია, ქება, ეს არის გამართლება. ქართულმა მოდერნიზმმა, როგორც კრიტიკოსებმა აღნიშნეს, ძალიან გაამართლა ამ ნაწარმოებში. „მელია ტულეფია“, ჩემი აზრით, ასევე ელოდება ძალიან სერიოზულ საერთაშორისო აღიარებას.

ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები ჯერჯერობით, რაც ქარუმიძეს დაუწერია, არის „ჯაზის ყვავილობა“. 56 წლის 9 მარტის მოვლენებს მოჰყვა ნაციონალიზმის სერიოზული აღზევება. ავტორის აზრით, სწორედ ამ დროს, ამ წელს ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ წამოიწყო იდეოლოგიურ-დევიერსიული პროექტი „ჯაზის ელჩები“, რომელიც სოციალური ბანაკის ქვეყნების მოსახლეობისკენ იყო მიმართული და პროექტის უკან ოკულტური ძალები მოქმედებდნენ. საქართველოში კი ამ საშინელ შემოპარულ ძალას ვინმე ტაია შელია ხელმძღვანელობდა. ეს არის უაღრესად გამორჩეული ავტორის დაწერილი ძალიან უცნაური, ძალიან ხალისიანი, ძალიან ნიჭიერი წიგნი.

ამ მწერალს ახასიათებს ისეთი ტიპის იუმორი, რომლის სიტყვებით გადმოცემა და აღწერა ძალიან ძნელია. მე, მაგალითად, ეს იუმორი მაგონებს არისტოფანეს იუმორს, იმიტომ, რომ არისტოფანე რომ იცინოდა, მას შემდეგ ისე აღარავინ იცინის. მერე შეიცვალა სამყარო და სიტყვის თავისუფლება, რადგან ამოდენა არ იყო. სიცილიც შეიცვალა და მერე მოვიდა ის სიცილი, რომელსაც ახლა კომედია ჰქვია. ეს ის არ არის, რასაც არისტოფანე აკეთებდა, არისტოფანეს სიცილი ძირითადად სატირის სიცილი იყო და ძირითადად პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. სერიოზულ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ზურაბ ქარუმიძის ნაწერებიც, თუმცა თვითონ ავტორი, რა თქმა უნდა, ამისგან ძალიან გვერდით და გაღმა დგას.

2018 წელს კი გამოიცა მისი ახალი რომანი, რომელსაც ჰქვია „Untergang: მოგზაურობა ევროპაში”. ეს არის ისტორიაში ცნობილი ორი დიდი და გრანდიოზული მწერლისა და წიგნის ანარეკლი, ასახვა. ეს წიგნები არის მე-19 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი წიგნი, ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარათუსტრა“ და ალბათ ყველაზე უკეთესი საბავშვო წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა, ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“. რომანის მთავარი პერსონაჟი არაზეკაცი სახელად ზეროტუსტრა, იგივე ზერო ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობს, ბრიუსელში, პარიზში, რომში, ლონდონში, სტოკჰოლმში, ბერლინში და მის ამ მოგზაურობას (ელისი ტყუილად არ ვახსენეთ, რა თქმა უნდა) თავისებურად წარმართავს შავწვერა თეთრი ბოცვერი, რომელიც მოულოდნელად გამოხტება ხოლმე და თავს იფეთქებს შეძახილებით. რა თქმა უნდა, ევროპა, გამოხტომა, აფეთქება, შეძახილები… ეს ყველაფერი სამწუხაროდ ნაცნობი გარემოებებია, ევროპას უდგას კრიზისი ძალიან ცნობილ მოვლენათა გამო. კრიზისი უდგას ზეროტუსტრასაც, იგი გრძნობს, რომ მას ასაკი ნელ-ნელა ერევა, იგი ბერდება.

„მოგზაურობა ევროპაში“ უაღრესად უცნაური წიგნია და საერთოდ ზურაბ ქარუმიძე სამართლიანად ხურავს ქართველი მწერლების ამ სიას, იმიტომ, რომ იგი ყველაზე თანამედროვე ავტორად წარმოჩნდება ხოლმე და მისი ფანტაზია არის სრულიად დაუოკებელი, ამიტომ მან ამ სიაში ადგილი დაიმსახურა.