დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში - სააკაშვილი

პუბლიკა

ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოდის.

თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბრის სიტყვის კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა.

„მოვისმინე კრიტიკა ჩემი წინა გამოსვლის, რომ 2003 წელში ჩარჩენილი ადამიანის გამოსვლა მოვისმინეთო. ქვეყანა დააბრუნეს, სამწუხაროდ, 2003 წელში. გიგი უგულავა რაზეც დაიჭირეს, რაც თქვა მან, იმაში მართალი იყო. გავაქრეთ „გაი“ და შევქმენით პოლიცია, რომლითაც ვამაყობდით, მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

ასევე ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი სინანული და არ მოვიხადე მეტი ბოდიში.

ნუ, ახლა ვინც სინანულს მოუწოდებდა, როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია. დაახლოებით, ეს მათთვის ისეთივე  სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდა თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს.

რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას. დანარჩენ საზოგადოებასთან ბევრი მაქვს სალაპარაკო. თქვენ იცით, ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ ეს არის ზუსტად პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა, აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება და რეფლექსია, ფიქრი იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად.

გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში. ის არ მოხვედრილა  თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე.

მე ახლა ვარ პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ერთ-ერთ ეთერში გამოსვლას, როდესაც მან გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბერი და ისაუბრა იმ სტრესსზე, რაც ტელევიზიაში შეჭრის დროს მიიღო. აღსანიშნავია, რომ გრიგოლია დღევანდელ სხდომას დარბაზში ესწრება მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ 7 ნოემბრიდან რამდენიმე დღეში ვრცელი ინტერვიუ მისცა ინგა გრიგოლიას.

„ძალიან განვიცდი, რომ მას ეს სტრესი მიადგა ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა დიდი ტრავმა. მქონდა მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მქონდა მაღალი სიცხე ამ ინტერვიუს დროს და ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრავმისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე.

მინდა, იცოდეს ინგამ, არასდროს მითქვამს, ეს ასე იყო. ინტერვიუს შემდეგ გვერდით ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, ალბათ, მისი ხარჯიც შეტანილია და ალბათ, ბოტოქსი ჰქვია იმასაც. ექიმი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემს განკურნებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა მიმართა საზოგადოებას, ვინც განსხვავებულად შეაფასა მისი 29 ნოემბრის გამოსვლა, რომ მზადაა, მოისმინოს ყველა პრეტენზია, იკამათოს მათთან და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოებაც გაგებით მოეკიდება მის არგუმენტებს:

„სადაც მართალი შეიძლება აღმოვჩნდე, დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსთან, აქ აზრი არ აქვს რამის მტკიცებას ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი.

ბოდიშს აქ ცხადია, მე არავისგან არ ვითხოვ და ეს საკითხი არ დგას, მაგრამ ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს, იმისთვის, რომ სამკურნალო პროცედურები გავიარე, იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის კარგად წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე, სადაც მივდიოდი და  ვინც ჩამოდიოდა, კარგად დახვედრა. ეს არის ქართველების ინსტიქტი, მაგრამ რუსებისთვის ეს გაუგებარია და ესენი რუსები არიან […] არ ესმით სტუმართმოყვარეობა, უკანასკნელის გაცემა სტუმარსა და მეგობარზე.

მე მინდა თქვენთან ღია დისკუსია, ამისთვის ვარ საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ე.წ. პიჯაკების საქმე

ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).

სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიხედვით, იმისთვის, რომ დაემალა საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, საიდუმლო ფორმით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული სდსს-თვის გამოყო თანხა.

ბრალდების მტკიცებით, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.

ხარჯი სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით ჩამოიწერა და დოკუმენტებს უკანონოდ  მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“.

პროკურატურის მიხედვით, არამიზნობრივ ხარჯს შორის იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის, ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილი ფული, პრეზიდენტის ესპანელი მზარეულის, სერქიო ქალდერონ ლატასას ანაზღაურება და მისთვის გაწეული სხვა ხარჯი.

ასევე, სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ ვიზიტებისას სხვადასხვა დროს დაქირავებული ავიალაინერის, ლიმუზინისა და მინივენის, ვერტმფრენის ხარჯი, მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასათვის ავსტრიაში დაქირავებული „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანებში დახარჯული თანხა, მაჯის საათებში გადახდილი ფული.

ასევე, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქიშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილი თანხა, რის გამოც ამ საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმეც შეერქვა.

ამ საქმეზე დაცვის პოზიცია ასეთია: ბექა ბასილაია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 2009 წლამდე პერიოდში ამ ტიპის ხარჯს გასცემდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ამასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვა არ აქვს, არც ბრალი არ წარუდგენია ვინმესთვის.

„2009 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გარკვეული ხარჯის დაფარვა გადავიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, მეტი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ ხარჯის ბუნება არ შეცვლილა. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციის მიერ მსგავსი ხარჯის გაწევა დანაშაული არაა, როგორ შეიძლება ეს სდსს-დან დანაშაული იყოს?!

უფრო მეტიც, 2013 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი უკვე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო სდსს-ის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე, ამ დროსაც ზუსტად იმავე ტიპის ხარჯს ეწეოდნენ, მაგრამ ამ ნაწილთან დაკავშირებით არავის არ აქვს კითხვის ნიშანი.

ხოლო რომელი ხარჯი დაიფარებოდა სდსს-დან, ამაზე გადაწყვეტილებას იმ კონკრეტულ მომენტში იღებდნენ იმისთვის, თუ რა სჯობდა მეტი დაცულობისთვის. ახლა შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, ამაღლებდა თუ არა ეს პრეზიდენტის დაცვას, მაგრამ იმ პერიოდში ასე მიიჩნევდნენ და ეს ცალკე საკითხია“, – ამბობს ბასილაია.