დღეიდან პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრიული პასპორტების გაცემა განახლდა

პუბლიკა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით,  დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განახლდა.

„ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს,  შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართოს.

დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge ან პორტალზე – my.gov.ge, რის შემდეგაც უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის  დარეგისტრირება  ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი  დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას  პორტალ my.gov.ge-ის ან  sda.gov.ge-ის ვებგვერდების საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის საშუალებით მიიღებს“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ განხცადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ასევე, დღეიდან მოქალაქეები მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას შეძლებენ. ამისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10, სადაც ოპერატორი მოინიშნავს მის საჭიროებას, რის შემდეგაც მოქალაქემ დასამოწმებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოსტით უნდა გაუგზავნოს  მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა. აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს მოქალაქე მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით მიიღებს.

მათივე ინფორმაციით,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც.

„ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება  my.gov.ge-ზე  ან  sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა  დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.

პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს, ან, გარკვეულ შემთხვევაში, მასთან ადგილზე ვიზიტი დაიგეგმება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.