„დროამ” უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია შექმნა

პუბლიკა

პარტია დროას ინიციატივით უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ადრესატი საქართველოს პარლამენტი და მთავრობაა.

„გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციის გამო და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოყენების მუქარას, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს კონტინენტზე;

ასევე ვაცხადებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა და საქართველო თავიანთი სუვერენული ნებისა და 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზე, აუცილებლად გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები. რუსული აგრესიის ფონზე, ეს არჩევანი უალტერნატივოა;

მივიჩნევთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი;

მივიჩნევთ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის და ასევე, ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა;

სოლიდარობას ვუცხადებეთ მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს;

მივიჩნევთ, რომ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი უკანონოდ იმყოფებიან;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, საკანონმდებლო და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძონ და გააძლიერონ საქართველოს წვლილის შეტანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვებაში და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაში.“