ფარულ საგამოძიებო მოქმედებასა და ოპერატიულ ღონისძიებაში მონაწილე პირის დაფარვა იქნება შესაძლებელი - კანონპროექტი

პუბლიკა

„ქართულ ოცნებას“ დაჩქარებული წესით შეაქვს ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

ცვლილების შედეგად, შესაძლებელი იქნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობის დაფარვა.

პირის ვინაობის დაფარვის უფლებამოსილება პროკურორს ექნება, გენპროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით.

პროკურორი უზრუნველყოფს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა მასალასა და დოკუმენტში პირის ისე დაფარვას, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი იყოს.

დაფარული პირის მონაცემები არ მიეთითება არც გამოკითხვის ოქმში.

თუ პროკურორი გადაწყვეტს პირის ვინაობის დაფარვას, ის სასამართლოში დისტნაციურად დაიკითხება, რათა დაცვის მხარემ ვერ შეძლოს მისი იდენტიფიცირება.

დაცვის მხარე ვერც საგამოძიებო მასალებიდან შეძლებს დაფარული პირის ამოცნობას.

დაფარული პირის ვინაობა საქმის ყველა ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება მოსამართლისთვის, საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოსთვის, სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოსთვის, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნაწილში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა, შესაძლებელია, გამოყენებული იყოს უვადოდ. შეზღუდვის მოხსნა შეუძლია პროკურორს, გენპროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით.

ცვლილება, რომელიც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული პაკეტის ნაწილია, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.

მას დაჩქარებული წესით განიხილავენ და ორი მოსმენით დღეს, 2 ივლისს მიიღებენ.