„ოცნების“ პარლამენტმა „ოცნების“ ლიდერებს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პარტიის ლიდერებს: ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე „ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის წევრებს: ირაკლი კობახიძეს, ანრი ოხანაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს, მარიამ ქვრივიშვილს, დავით სონღულაშვილსა და „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ, მიხეილ ყაველაშვილს შეუჩერა სადეპუტატო უფლებამოსილება, რომელიც, იურისტების შეფასებით, კანონდარღვევით ჰქონდათ მინიჭებული.

კობახიძის, ოხანაშვლის, ბოჭორიშვილის, ქვრივიშვილის, სონღულაშვილისა და ყაველაშვილის თანამდებობები სადეპუტატო მანდატთან შეუთავსებელია.

„ოცნების“ მინისტრთა კაბინეტში ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, ანრი ოხანაშვილი – იუსტიციის მინისტრად; მაკა ბოჭორიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრად; დავით სონღულაშვილი – სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრად; მარიამ ქვრივიშვილი – ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ.

„ოცნების“ პროპორციული სიის რიგითობით, მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან:

ლევან მაჭავარიანი; არჩილ გორდულაძე; ირაკლი ჭეიშვილი; სალომე ჯინჯოლავა; თორნიკე ბერეკაშვილი; თორნიკე ჭეიშვილი; პაატა სალია; გიორგი გუგუჩია.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში გამართულ სხდომებს არ ესწრება.

მათმა ნაწილმა „ოცნების“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა მათი განცხადებები „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ განუხილავს.

25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა.

როგორც კონსტიტუციონალისტები და იურისტები ამბობენ, არჩევნების შედეგების, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პერიოდში დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონო და არაკონსტიტუციურია.

მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას და პრეზიდენტის არჩევას, ლეგიტიმაცია ვერ ექნება.