რატომ არ გადასცა საქართველომ უკრაინას გენერატორები - კობახიძე მიზეზზე საუბრობს

პუბლიკა

„სინამდვილეში საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არსებობს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომ უკრაინამ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით ფინანსურად დაეხმაროს უკრაინას გენერატორების საყიდლად.

„საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ ამას ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს, ე.წ. „დვიჟოკებს“. ხალხს მართლა ასე ჰგონია. ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რა გახდა „დვიჟოკების” გაგზავნა უკრაინაში. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს“, ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე. მაგალითად, „მადრიდის რეალმა“, რომელიც არის რამდენიმე მილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას. ხალხს ამაზე გაეცინა, ეგონათ, რომ 20 „დვიჟოკი“ გადასცა.

სინამდვილეში საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არის. ჩვენ შეიძლება, ფინანსურად დავეხმაროთ გენერატორების საყიდლად უკრაინას და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი მხარდაჭერა.

მაგრამ, ახლა საუბარია რაზეა – ხალხი შეჰყავთ შეცდომაში – ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გააგზავნოს „დვიჟოკები“, რაც არის ტყუილი. საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც ჩვენთან არ იწარმოება.

ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, შეიძლება მსჯელობა, შეგვიძლია სადმე, სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და გავაგზავნოთ უკრაინაში. ჰუმანიტარული დახმარების პრობლემა არ გვქონია, პირიქით, ძალიან ხელგაშლილები ვიყავით, მაგრამ საზოგადოებას ნურავინ ატყუებს, რომ უკრაინა გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას”, – განაცხადა კობახიძემ.