რუდუნებით ვაშენებდით... მართალია, გაგვაფრთხილეს, მაგრამ სად წავსულიყავით? | დემონტაჟი ორხევში

პუბლიკა

თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო.

„პუბლიკას“ აღნიშნული ინფორმაცია მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაუდასტურა. მათი ცნობით, ეს ტერიტორია არის დედაქალაქის საკუთრება. მასზე კი განთავსებულია 5 უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა.

ადამიანები, რომელთა შენობა-ნაგებობების დემონტაჟიც დღეს მოხდა, ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

„სადაც მე დროებით ვცხოვრობ ის სახლი უკვე ჩემს სახელზე აღარ არის უკვე 5 წელია, ვცხოვრობ იმ გაგებით რომ ამდენი შვილი მყავს და ნათესავები დროებით გვაცხოვრებენ. გადმოვედი აქ, ამ ადგილს ვამუშავებდი შვილებთან ერთად, რუდუნებით ვაშენებდით, მეგობრებმა ზოგმა ხრეში მომიტანა, ზოგმა ალმატურა მომცა მესამედ ფასში, ნელნელა ვასხამდით, ხელით არის ეს ამოღებული საძირკეველი და ნახეთ რა უქნეს. ცრემლები მომდის…“,- განაცხადა ილია მაჭარაშვილმა „მთავარის“ ეთერში.

„ჩვენ ძირითადად მანდ ვცხოვრობდით, სხვა არაფერი არა მაქვს, იყვნენ, გაგვაფრთხილეს რომ უკანონოდ არისო, ეგ მართალია, გაგვაფრთხილეს, მაგრამ სად წავსულიყავით?

ვიყავით გამგეობაში და შეგვპირდნენ რომ დაგაკმაყოფილებთ, რაღაცა იქნება, არ დაგტოვებთ ისე, იციან ჩვენი მოდგომარეობა რომ არა გავქვს არაფერი, ახლა მე წავალ, ბიძაშვილიც მყავს, დეიდაშვილიც, მივალ ჩემს დასთან, არ დავრჩებნი ქუჩაში, დღეს კარგი მივალ , ათასჯერ ხომ ვერ მიხვალ, სად წავიდე მერე?“,- ამბობს ვაჟა ჩიტიძე „მთავარის“ ეთერში.

მერიის ცნობით, მოსახლეობას მიეცა გაფრთხილება, რომ დაეშალათ შენობა-ნაგებობები, დღეს კი მერიამ გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო.