ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯეს

პუბლიკა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის დავით ასათიანის ინფორმაციით, ე.წ. ცხინვალის სასამართლომ ექიმს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.

წინა სხდომაზე, 13 დეკემბერს, დე ფაქტო მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.


ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში თვეზე მეტია, რაც იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.