Wolt-ის კურიერები ტარიფების ზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ

პუბლიკა

საკურიერო კომპანია Wolt-ის კურიერების ნაწილმა მომსახურების ტარიფის მომატება მოითხოვა და პროტესტის ნიშნად Wolt-ის აპლიკაცია გამორთო, შესაბამისად, მუშაობაზე უარი თქვა.

ერთ-ერთი კურიერის ინფორმაციით, მათი საბაზისო ტარიფი შეადგენს 2.50 ლარს, ხოლო კილომეტრის ანაზღაურება შეადგენს 50 თეთრს.

ისინი საბაზისო ტარიფის 3.50 ლარამდე გაზრდას და კილომეტრის ანაზღაურების 70 თეთრამდე გაზრდას მოითხოვენ.

კურიერები ამბობენ, რომ ისინი ღირსეული შრომის პირობებს იმსახურებენ და კომპანიისგან პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

„ჩვენი მოთხოვნაა ჩვენი ტარიფების აწევა. არის კიდევ ბევრი ხარვეზი, რის გამოც გვაკლდება შემოსავალი, ისედაც დაბალი ტარიფი. ხარვეზებია კილომეტრების ცდომილება, რაც ათიდან 9 შემთხვევაში ხდება. კილომეტრებს აკლებენ. თუ არ დაკმაყოფილდა, კურიერები მოვილაპარაკებთ, როგორ წავიყვანოთ საქმე;“

„ყველა გამოძახებაზეა საუბარი, მოგვიმატონ ტარიფები, აქვთ ამის რესურსი. ჩვენი საქმიანობა ბევრ რისკთანაა დაკავშირებული, სიცივეში დავდივართ, მტვერში… გვინდა, დაგვაფასონ.

მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, მოვილაპარაკებთ, როგორ ვიმოქმედოთ შემდეგში. ახლა ცოტა ლმობიერად მოვიქცევით, გავთიშავთ აპლიკაციებს და დაველოდებით მათ პასუხებს“, – განუცხადეს მედიას კურიერებმა.

„პუბლიკა“ კომპანია Wolt-ს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, მიწოდების აპლიკაცია მუშაობს, რადგან პროტესტში კურიერთა მცირე ნაწილი მონაწილეობს. მათივე თქმით, კომპანია საკუთარ პოზიციას მომდევნო დღეებში გაავრცელებს.