ყველაზე ხშირად დარღვეული შრომითი უფლებები - კვლევის შედეგები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მოამზადა კვლევა – „შრომის ინსპექციის საქმიანობის შეფასება 2021“, რომლის მიზანია, ერთი წლის თავზე შეაფასოს შრომის რეფორმის შედეგად გაზრდილი მანდატისა და ინსტიტუციური გაძლიერების კვალდაკვალ შრომის ინსპექციის სამსახურის ეფექტიანობა.

კვლევის ერთ-ერთ ქვეთავში, რომელიც შრომის უფლებების ინსპექტირების ოქმების ანალიზს მოიცავს, აღნიშნულია, რომ „კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2021 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში შრომის უფლებების მიმართულებით განხორციელებული ინსპექტირების 56 ოქმი 41 კომპანიის წინააღმდეგ“.

შემოწმებული 41 ობიექტიდან მხოლოდ 2 წარმოადგენდა საჯარო სამსახურს, კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტო და საქპატენტი.

შრომის ინსპექციის მიერ გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელი

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ოქმების შესწავლამ ცხადყო, რომ შრომის ინსპექციამ ყველა შემთხვევაში, დარღვევის სიმძიმის მიუხედავად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ მხოლოდ გაფრთხილება გამოიყენა (შრომის ინსპექციის სამსახურს დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დამსაქმებლების მიმართ ადმინისტრაციული სახდელების გამოყენების შესაძლებლობა აქვს, მათ შორისაა გაფრთხილება, ჯარიმა და სამუშაოების შეჩერება. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესი დამატებით ადგენს, რომ პირველ შემთხვევაში სახდელის სახე უნდა იყოს გაფრთხილება/ჯარიმა).

„კვლევის ფარგლებში შესწავლილი ოქმების ანალიზით დადგინდა, რომ შრომის სამსახურის მიერ ობიექტის ინსპექტირებისას დარღვევის ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი 19 იყო.

მიუხედავად ამისა, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ერთნაირი ზომები იქნა გატარებული 19 დარღვევის მქონე კომპანიისა და იმ კომპანიის მიმართ, რომელსაც დარღვევების ყველაზე უფრო ნაკლები მაჩვენებელი – 3 ჰქონდა, რაც შესაძლოა დამსაქმებლებში უსამართლობის განცდასაც აჩენდეს.

ამასთანავე, მსჯელობის საგანი ხდება ისიც, თუ რამდენად შეუწყობს ხელს შრომის ინსპექციის ეფექტიანობას მათ მიერ მსუბუქი სახდელის გამოყენება“, – ვკითხულობთ კვლევაში.

დისკრიმინაციული ვაკანსიები

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ოქმების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 41 ინსპექტირებული კომპანიიდან 6 დასაქმების საიტზე დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული კრიტერიუმების მქონე ვაკანსიის გამოქვეყნების საფუძველზე შემოწმდა. დისკრიმინაცია ძირითადად ხორციელდებოდა სქესის ან ასაკის, ზოგჯერ კი ორივე ნიშნის საფუძველზე. ვაკანსიის ტექსტები პოტენციურ დასაქმებულებს იწვევდა კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, თუმცა, პირთა გარკვეული ჯგუფების მიმართ შეზღუდული იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაოს ხელმისაწვდომობის უფლება.

დარღვევის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა

კვლევის მიხედვით, შესწავლილი ოქმების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში შრომის ინსპექცია დამსაქმებლებს დარღვევის გამოსასწორებელ ვადად 30 დღეს განუსაზღვრავდა. მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს შემთხვევაში კი ეს ვადა 180 დღე იყო.

„აღსანიშნავია, რომ დარღვევის გამოსწორების ვადასთან მიმართებით განსხვავებული მიდგომა შრომის ინსპექციის სამსახურმა მხოლოდ საჯარო სამსახურებთან მიმართებით გამოავლინა.

კერძოდ, თუ ყველა სხვა ინსპექტირებულ კომპანიას დარღვევის გამოსწორებისთვის 30 დღე მიეცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამივე ფილიალის ინსპექტირების ოქმის მიხედვით, სააგენტოს დარღვევების გამოსასწორებლად 180 დღე, ანუ ექვსჯერ მეტი ვადა მიეცა, რაც არც დარღვევების სიმრავლით და არც სხვა რაიმე ობიექტური ფაქტორით არ აიხსნება. ხოლო საქპატენტის შემთხვევაში დარღვევის გამოსწორების ვადად 20 დღე განისაზღვრა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციის სამსახურს ერთგვაროვანი პრაქტიკა ჰქონდეს შრომის უფლებების დარღვევის გამოსწორებისთვის განსაზღვრულ ვადასთან მიმართებით.

„მართალია, გონივრული ვადა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებთან კონსულტაციის შემდეგ დგინდება და თითოეულთან მიმართებით შეიძლება განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები იკვეთებოდეს, თუმცა ოქმების ანალიზი უნდა იძლეოდეს იმ დასკვნის საფუძველს, რომ სხვადასხვა დამსაქმებელთან მიმართებით ინსპექციის სამსახურის მიერ დადგენილი ვადა ობიექტურ გარემოებას ეფუძნებოდა და ის თავისუფალი იყო ყოველგვარი გავლენისგან“, – აღნიშნულია კვლევაში.

ყველაზე ხშირად დარღვეული შრომითი უფლებები

დოკუმენტის მიხედვით, დამსაქმებლებს შრომის ინსპექციის სამსახური ყველაზე ხშირად (56 შესწავლილი ოქმიდან 32 შემთხვევაში) ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებდა იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების თანახმად მათ შეეძლოთ არსებითი პირობების ცალმხრივად შეცვლა, რაც ცალსახად არღვევს საქართველოს შრომის კოდექსს.

მეორე ყველაზე ხშირი დარღვევა გახლდათ შემთხვევები(24), როდესაც ხელშეკრულება არ მოიცავდა ისეთ არსებით პირობებს, როგორიცაა სამუშაო დრო და დასვენების დრო. შემდეგ მოდის ნამუშევარი დროის აღურიცხველობა(22), ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაუცველობა(22) და სხვ.

„კვლევის ფარგლებში შესწავლილი ოქმები ნათლად წარმოაჩენს დამსაქმებელთა მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების პრაქტიკებს. სამსახურის დაკარგვის შიში და მძიმე სოციო-ეკონომიკური გარემო დასაქმებულებს აიძულებს, შეეგუონ შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებს. ამდენად, დასაქმებულთა სოციალური მოწყვლადობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის როლი, უზრუნველყოს შრომითი უფლებების დაცვა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.


„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ შრომის ინსპექციამ ორგანიზაციას მხოლოდ 2021 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდის ინსპექტირების ოქმები მიაწოდა. შესაბამისად, კვლევის ფარგლებში შრომის უფლებებთან მიმართებით გაანალიზდა აღნიშნულ პერიოდში 41 ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირების 56 ოქმი (მაშინ, როდესაც ინსპექტირების წლის ჯამური მონაცემი 177 იყო), ხოლო შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დამუშავდა მხოლოდ 2020 წელს განხორციელებული 108 ინსპექტირების მონაცემი (2021 წელს შრომის უსაფრთხოებაში ინსპექტირების წლის ჯამური მონაცემი 125 იყო).