„Сокровища Рабата“ - იგეგმება თუ არა რაბათის ციხეში დახურული თამაშები

პუბლიკა

„Сокровища Рабата“ – ბოლო დღეებია ამ სახელწოდების თამაშის შესახებ საინფორმაციო  კამპანია რუსულ ენაზე მიმდინარეობს როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ „რაბათის განძი“ „ფორტ ბოიარდის“ ანალოგია, რომელიც ახალციხეში, რაბათის ციხეში მოეწყობა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ციხეში მოთამაშეებისა და ორგანიზატორების გარდა ვერავინ შევა.

„ახალციხის ციხეს ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი ზაფხულში სტუმრობს, თუმცა ყველა ასეთ მოგზაურს მოცდა მოუწევთ, სანამ თქვენ ციხის საგანძურს არ მოიპოვებთ“, – წერია 11 ივლისით დათარიღებულ პოსტში.

Instagram-ზე ორგანიზატორები წერენ, რომ უახლოესი თამაშები 7 და 11 აგვისტოს გაიმართება.

როგორც თამაშის გვერდზე ვკითხულობთ, კომპანია მსგავს აქტივობებს თავდაპირველად კორპორაციული ღონისძიებების დროს უწევდა ორგანიზებას. ახლა კი სხვადასხვა ჯგუფს შეეძლება მასში მონაწილეობა. გვერდის მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილი კატალოგის მიხედვით, თამაშებს კომპანია „ქვევრი ივენთ“ გამართავს.

„თბილისი და მოსკოვი – ეს ორი ჩვენი მშობლიური სახლია“, – ვკითხულობთ „ქვევრი ივენთის“ აღწერაში. რუსულენოვანი ვებსაიტის მიხედვით, კომპანია კორპორატიულ ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას. კომპანიის საიტის საკონტაქტო განყოფილებაში ქართული და რუსული ნომრებია მითითებული.

„ჩვენ სულ სხვანაირად ვხედავთ საქართველოს, რადგან ვნებიანად, სიგიჟემდე და ნაზად შეგვიყვარდა… და ყველამ იცოდეს ამის შესახებ! ჩვენ აქ სამუდამოდ დავტოვეთ ჩვენი სულისა და გულის ნაწილი. საქართველო, ქართული სული, ქართული სახელები გაზავებულია რუსულ კულტურაში და არ შეიძლება განცალკევდეს. შოთა რუსთაველი, ნინა ჭავჭავაძე, ნიკო ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, ბულატ ოკუჯავა, ირაკლი ანდრონიკოვი, ზურაბ სოტკილავა, ნანი ბრეგვაძე, ვახტანგ კიკაბიძე, ოთარ იოსელიანი, გიორგი დანელია, სოფიკო ჭიაურელი, ნიკოლაი ცისკარიძე, ნინა ანანიაშვილი, თენგიზ აბულაძე – ვისი კულტურაა? ქართულია? რუსულია? არა, მსოფლიოს კულტურის ნაწილია, თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთმიზიდულობაში დაბადებული“, – ვკითხულობთ კომპანიის ვებსაიტზე.

„პუბლიკამ“ ახალციხის მერიასთან ინფორმაცია გადაამოწმა და როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს, სოციალურ ქსელებში ორგანიზატორები რამდენიმე წლის წინანდელ ფოტო და ვიდეო მასალას იყენებენ. ხოლო ხელშეკრულება პროექტთან ამჟამად გაფორმებული არ არის.

ახალციხის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „ახალციხის  ციხის“ დირექტორი გიორგი ნათენაძე „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, რომ დაახლოებით 2 თვის წინ  „ქვევრი ივენთის“ წარმომადგენლები ციხის ადმინისტრაციას შეხვდნენ და პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

„იყო მოსული კომპანია შპს „ქვევრი ივენთ“, გველაპარაკა, რომ გვინდა გამართვა [თამაშების], იქ არ ყოფილა საუბარი, რომ რუსული პროექტი იქნება, რუსულად იქნება და ან სხვა ენაზე იქნება. ადგილი ვაჩვენეთ უბრალოდ, სადაც ადრე ჩატარდა „ფორტ ბოიარდი“, თავიანთი დანადგარები მოსინჯეს, როგორ იმუშავებდა და დაეტეოდა თუ არა, გადაღებები არაფერი არ ჰქონიათ. ახლა ვნახე ინსტაგრამზე, რომ 2014 წლის კადრები დაუდიათ, დუტას რომ მიჰყავდა მაშინ. ეს კორპორაციული ღონისძიება იყო და ალბათ რომელიღაცა რუსული ჯგუფი იყო და იმ ჯგუფის კადრების ამოიღეს და გაავრცელეს.

მათთან არც ხელშეკრულება გვაქვს დადებული, არც დაგეგმილია გადაღების თარიღი, რადგან ელემენტარულად პირველზე [გადაღებაზე] არა ვართ შეთანხმებული. არც ხელშეკრულების პირობები არა გვაქვს და არც თარიღები დაზუსტებულა“, – ამბობს „ახალციხის ციხის“ დირექტორი.

მისივე თქმით, რაც თამაშის ორგანიზატორებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სთხოვეს, პასუხად მიიღეს, რომ მალე დაბრუნდებოდნენ და დეტალების შესახებ ინფორმაციას გააცნობდნენ.

„მას შემდეგ ველოებით, ჯერჯერობით, არ მოსულან. პირველი შეხვედრა დაახლოებით 2 თვის წინ გაიმართა, მეორედ ერთი თვის წინ მოვიდნენ თავიანთი აპარატურით და დანადგარებით და მას შემდეგ აღარ მოსულან. ალბათ, თვითონ იფიქრეს, რომ პრობლემა არ არის და გადაიღებენ ჩვეულებრივად და ალბათ მაგიტომ დაიწყეს რეკლამების დადება. მე რაც ვნახე, ეს კადრები ძალიან ადრე არის გადაღებული 2014 თუ 2017 წელს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და თუ რუსული პროექტია და რუსულად უნდა იყოს გადაცემა და ა.შ. რა თქმა უნდა, მაგას არ დავეთანხმებით, არც ყოფილა მაგაზე ლაპარაკი, უბრალოდ ქირის და იჯარის თანხებზე იყო ლაპარაკი, რამდენად შეიძლებოდა გადაეღოთ. მერე გვითხრეს, რომ დეტალურად მოვიდოდნენ და შინაარსზე, ხანგრძლივობაზე პირობებს გვეტყოდნენ. ჩვენ 2 კვირა კონტაქტზე ვერ გავდივართ, ვურეკავდით, გვაინტერესებდა რას აპირებდნენ“, – ამბობს გიორგი ნათენაძე.

„პუბლიკა“ თამაშის გვერდზე მითითებული ნომრით ორგანიზატორებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ჩვენს ზარს არ უპასუხეს.