რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) განცხადებით, მათ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს.
„დადგენილია, რომ დანაშაული მომზადებული და ჩადენილია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. შემსრულებელი არის უკრაინის მოქალაქე, ვოვკი ნატალია პავლეს ასული, დაბადებული 1979 წელს”, – ნათქვამია განცხადებაში.
21 აგვისტოს რუსეთში, მოსკოვის მახლობლად კრემლის იდეოლოგის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად დარია დუგინა დაიღუპა.
გუშინ, 21 აგვისტოს, გვიან ღამით დარია დუგინას მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ – ანტიპუტინისტურმა დაჯგუფებამ აიღო.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილია პონომორევის განცხადებით, ახალი პარტიზანული მოძრაობის მიზანი კრემლის დამარცხებაა.
ორგანიზაციამ ტელეგრამზე მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ იმოქმედებენ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ და მოქალაქეებს ზიანს არ მიაყენებენ.
„ჩვენ, რუსეთის აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ამჟამად პარტიზანები და „ნაციონალური რესპუბლიკური არმიის“ მებრძოლები კანონს მიღმა ვაყენებთ ყაჩაღებსა და რუსეთის ხალხთა დამანგრევლებს.
ჩვენ ვაცხადებთ პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც მოირგო და უგულებელყო კონსტიტუცია, რომელმაც წამოიწყო ძმის მკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რომელმაც გაწირა რუსეთის სამხედროები უაზრო სიკვდილისთვის,“, – ნათქვამია მასში.