0.1315 გრამის ჩათვლით ჰაშიშის ფლობაზე ციხის სასჯელი არაკონსტიტუციურად ცნეს

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ 0.1315 გრამის ოდენობით კანაფის ფისის (ე.წ. ჰაშიში) ფლობისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აპელირებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო.

იგი მიუთითებდა, რომ კანაფის ფისი, არსებითად, მარიხუანის იდენტურ ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენდა და მათგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი ერთმანეთის იდენტური იყო.

ამასთან, მისივე თქმით, 0.1315 გრამი კანაფის ფისი განკუთვნილი იყო საშუალოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის, მაშინ როდესაც 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა წარმოადგენდა დაახლოებით 230 მოხმარების დოზას. აღნიშნული არგუმენტაციიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი სანქცია – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანაფის ფისის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, გაუმართლებელია პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო. ამასთან, სპეციალისტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ 0.1315 გრამი კანაფის ფისი წარმოადგენდა საშუალოდ ერთი მოხმარების, ხოლო მაქსიმუმ 4 მოხმარების დოზას. შედეგად, კანაფის ფისის სადავოდ გამხდარი ოდენობა აპრიორი ვერ ჩაითვლებოდა იმ ოდენობად, რომელიც ავტომატურად ქმნიდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არღვევდა არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.