0-7 | ქსკ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

პუბლიკა

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში ქსკ „ლანჩხუთი“  შვედურ „როსენგარდთან“ დამარცხდა.

მატჩი თავიდანვე სტუმრების უპირატესობით დაიწყო. შვედებმა პირველი გოლი თამაშის დაწყებიდან მალევე, მე-7 წუთზე გაიტანეს, მომდევნო ორი გოლი მიმდევრობით, მე-18 და მე-19 წუთებზე, კიდევ ორი გოლი 27-ე და 28-ე წუთებზე, ხოლო მეექვსე გოლი 33-ე წუთზე. მატჩის პირველი ტაიმი 0-6 დასრულდა.

შვედებმა მატჩის მეორე ტაიმში, 74-ე წუთზე გატანილი ბურთით კიდევ გაზარდეს უპირატესობა. საბოლოოდ, „ლანჩხუთი“ მეტოქესთან 7-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 1/16 ფინალის მეორე მატჩი 16 დეკემბერს შვედეთში გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს და 16 გუნდს შორის იასპარეზებს.

ქსკ „ლანჩხუთი“ პირველი გუნდია ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გავიდა.

თამაშის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ ფეხბურთელებს გასახდელში ემოციურად მიმართა:

„საკუთარი თვალით ვნახეთ, რა არის ევროპა, რა არის ჩემპიონთა ლიგა. ისინი ჩვენზე ქვეყნით არიან განვითარებულები. იქამდე ბევრი გვაკლია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიში დაფიქსირდა, ვინც როგორ უნდა, ისე მიიღოს, მე თქვენ მადლობას გიხდით.“ – მიმართავს გიორგი ჩხაიძე ნაკრების წევრებს.