ანტიდასავლური და რადიკალური ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ორგანიზებით სახალხო დამცველის ოფისთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად მარჯანიშვილის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ომბუდსმენის ოფისთან გადაინაცვლეს. მათი მოთხოვნა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
„ახლა ორი სიტყვა უნდა ვთქვათ იმაზე, რატომ აქ და ახლა – რაც 5 ივლისის მოვლენების შემდეგ მოხდა, საქართველოში იღებს ორგვარ შეფასებას, ერთი, აი ამ დაწესებულების, NGO-სექტორის, ჩვენი მთავრობის, უცხოელი ელჩები და ჩვენი მედიასაშუალებების მხრიდან გაკეთებული შეფასებაა, რომლისთვისაც 5-ში მომხდარი არის კატასტროფა. და არის მეორე შეფასება, ჩვეულებრივი ხალხის შეფასება, რომელთათვისაც 5- ში ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანის ღირსება, შევუნარჩუნეთ ქვეყნას ნამუსი. ბიჭები, რომლებიც დაკავებული არიან, დაკავებულებია იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანაში ქაშუეთის ეზოში არ დაუშვეს გარყვნილების პროპაგანდა და საკუთარი სამშობლოს ღირსების შეურაცხყოფა”, – ამბობს ზურა მახარაძე, პარტიის თავმჯდომარე.
ომბუდსმენის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.