რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მან მედასთან განცხადებაც გააკეთა.
„დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იმავე იდეებისთვის, იმავე იდეალებისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის.
ჩვენი მაგალითი არის ის, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის და ჩვენ ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ უკრაინელი ძმების გვერდით.
ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიყოთ სოლიდარულნი, უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულის და ტრადიციების ღირსნი და იმ ადამიანების ღირსნი, ვინც აქ 1989 წელს იდგნენ და არ დაჩოქილან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის აირით მოიწამლა.
ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.