„ქართული ოცნება” პარლამენტში რუსული კანონის განხილვას აგრძელებს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლების ნაწილია დარჩენილი და დაახლოებით, 1-2 საათი დასჭირდება.
„როგორც იცით, გუშინ არ დასრულებულა კანონპროექტზე მსჯელობა, არის პოლიტიკური გამოსვლების ნაწილი და დღეს გაგრძელდება. დარჩენილია რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი და ფრაქცია ოპოზიციიდან, უმრავლესობასაც ექნება გამოსვლები. ასე რომ, გაგრძელდება დღეს, დაახლოებით, 1-2 საათი დასჭირდება“, – აცხადებს პაპუაშვილი.
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.
გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია – პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, ყველა მათგანი ნაცემია.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ უგულებელყო შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, პოლიციელებმა კი საპროტესტო აქციის დროს საფრთხე შეუქმნეს ადამიანთა ჯანმრთელობას.