1-5 მარტს საქართველოში პირველად დასაქმების online-ფესტივალი ჩატარდება - დასაქმების სააგენტო

პუბლიკა

სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ ჩართულობითა და HR hub–ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით, პირველიდან 5 მარტის ჩათვლით, გაიმართება დასაქმების ონლაინფესტივალი – „გაესაუბრე საიდანაც გინდა“. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციითვე, ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება. დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისა და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

ფესტივალზე HR-მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომელთა ნახვაც კანდიდატებს შეუძლიათ სპეციალურ ბმულზე.

„დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება ონლაინშეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრისას, „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, თუ რა ვაკანსიები და შეთავაზებები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. დასასრულს კი, სამუშაოს მაძიებლებს შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

შეხვედრები გაიმართება ონლაინ Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დასაქმების ფესტივალსა და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირება შესაძლებელია შესაბამის ბმულზე.

დარეგისტრირების შემდეგ, კომპანიის ონლაინსესიის წინ მონაწილეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ Zoom-ის ლინკს, რომლის საშუალებითაც პირდაპირ მოხვდებიან მათ მიერ წინასწარ შერჩეული დამსაქმებლების სესიებზე.