1- 8 იანვარში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის 13 შემთხვევა დაფიქსირდა - სამინისტრო

პუბლიკა

დასავლეთ საქართველოში ტყის მასივებსა და სავარგულებში ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფროების წესები.

სამინისტროში ამბობენ, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა შემცირებულია, გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

„მცენარეული ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს, ტყის მასივებსა და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ნიადაგის თვისებების გაუარესება, ნაყოფიერების დონის შემცირება და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ ხანძრების ჩაქრობის სამუშაოებს; ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე სპეციალისტებს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიბებში ჩართულობისთვის.

2021 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრამდე, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ხანძრის 13 შემთხვევა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ტყის ფონდში ხანძრის გავრცელების წინასწარი ფართობი 200 ჰექტარს შეადგენს. ამ დროისთვის, რჩება რამდენიმე ღია კერა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო. ზუსტი მონაცემები ცნობილი გახდება ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ, “- ამბობემ სამინისტროში.