„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პარტიას აქვს ყველანაირი რესურსი და საშუალება, რომ „არავის დაუტოვონ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის საბაბი“.
„…დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ გვაქვს ყველანაირი რესურსი, საშუალება, რომ საერთოდ საბაბიც კი არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის. აქ საუბარი არ მაქვს მხოლოდ არჩევნების შედეგზე. ჩვენ ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. ეს ერთი. მეორე – სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში. მესამე – ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, „პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს“.
„თავის დროზე, იყო ეს აქტუალური, თუმცა დღეს, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. 2024 წლისთვის მოემზადეთ კარგად. იმაზე უკეთესად, ვიდრე დღეს ემზადებით ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.