საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სარჩელი ნანა კაკაბაძის წინააღმდეგ – კაკაბაძეს საჯარო განცხადების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 1 ლარის გადახდა დაეკისრა.
დავით კეზერაშვილმა ნანა კაკაბაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაკეთებული განცხადების გამო უჩივლა. მაშინ ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილ ორგანიზაციას – „არა ნაციზმს“ კეზერაშვილი აფინანსებდა.
„გითხარით, რომ კეზერაშვილისგან ვფინანსდები“, – განუცხადა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს ნანა კაკაბაძემ 2018 წლის 12 იანვრის სიუჟეტში.
ნანა კაკაბაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან არ მიიჩნევს, რომ მისმა ნათქვამმა დავით კეზერაშვილის პატივი და ღირსება შელახა. მისივე თქმით, დავით კეზერაშვილი ამ საქმეში არასათანადო მოსარჩელეა, ვინაიდან მას განცხადებაში კეზერაშვილის სახელი არ დაუზუსტებია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 10 მარტს გამოცხადდება. ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, იგი უზენაეს სასამართლოს მიმართავს.