1 მარტიდან იგეგმება საბავშვო ბაღების გახსნა; სკოლებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლესებში სტუდენტების დაბრუნება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ახალი გეგმა გააცნო.

ცქიტიშვილის განცხადებით, 1 მარტიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში იმ სკოლებში, რომლებიც ამჟამად დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი).

მისი ინფორმაციით, საბავშვო ბაღების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების აღდგენა იგეგმება ასევე 1 მარტიდან. ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

ამ თემასთან დაკავშირებით მედიას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

„1 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიოტრიაზე, გარდა თბლისის, ქუთაისის და რუსთავისა, სკოლები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ საკლასო ოთახებში.

რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, იქ სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით გაგრძელდება 1 მარტიდან. რასაკვირველია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.

აქვე მინდა, დავძინო, რომ 15 თებერვალს მოხდება მნიშვნელოვანი შეფასება ეპიდსიტუაციის და თუ 7 დღის მაჩვენებელი იქნება ჩამოსული 20%-მდე, დაიწყება შემდგომი შემსუბუქების პროცედურები“, – განაცხადა ჩხენკელმა.