განათლების სამინისტროს პრესსამსახური ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, მიმართავას ავრცელებას. მიმართვის ტექსტში ნათქვამია, რომ თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, სტუდენტის, ლექტორისა თუ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავია.
„ამიტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნუციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1 ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.“ – ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.
ჩხენკელის თქმით, წინა სემესტრში პროექტი „ტელესკოლა“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რომლის საშუალებითაც მაქსიმალურად შეინარჩუნეს სწავლაზე ხელმისაწვდომობა.
„ამჟამადაც 15 სექტემბერს პროექტი „ტელესკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება დისტანციური სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი, სერიოზული დამატებითი რესურსი ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის.
იმისათვის, რომ წარმატებით დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა, თითოეული მოქალაქისაგან საჭიროა უდიდესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, ეპიდსიტუაცია რომ არ გაუარესდეს. მჯერა, საერთო ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერთან გამკლავებას და სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს – ყველა სკოლაში დავბრუნდებით საკლასო ოთახებში, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში.“ – ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.