1 წელი 20 ივნისიდან - „სირცხვილია“ პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს

პუბლიკა

დღეს, 19:00-ზე, ე.წ. გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე, მოძრაობა „სირცხვილია“ საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, აქციაზე მოსულ მოქალაქეებს, მოძრაობა რამდენიმე წესის დაცვისკენ მოუწოდებს:

1. მოდით აქციაზე 20 ივნისს 19:00 საათზე;
2. გაიკეთეთ პირბადე (სასურველია სათვალეც);
3. დაიცავით დისტანცია სპეციალურ სტიკერებზე დგომით;
4. ვიყვიროთ მხოლოდ აუცილებელ დროს და არც ამ დროს მოვიხსნათ პირბადე;
5. აქციის შემდეგ – დაიცავით ჯანმოს რეკომენდაციები, თუ თვითიზოლაციის საშუალება არ გაქვთ, ატარეთ პირბადე ორი კვირის განმავლობაში. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20 ივნისს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.