„ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს“ – განათლების კოალიციის განცხადებით, პეტიციას ამ მოთხოვნით 10 000 ადამიანი შეუერთდა. პეტიციით ისინი სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვასა და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას ითხოვენ.
კოალიცია მოქალაქეების ხელმოწერებს მოთხოვნებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღეს გაუგზავნის.
„გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან, რაც მოსწავლეების სწავლის ხარისხს ამცირებს, ჯანმრთელობას და განვითარებას კი საფრთხეს უქმნის. გარდა იმისა, რომ სკოლებში კვების პროგრამა არ არსებობს, არ არის გამოყოფილი კვების დრო და ჰიგიენური სივრცე, სადაც ბავშვები სახლიდან წაღებული საკვების მიღებას შეძლებენ. „ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს. ე.წ ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული.
პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ:
• იმ სკოლებში, სადაც მოქმედებს ბუფეტი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საკვებით ვაჭრობა.
• სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და ხარისხი.
• განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა. მუშაობის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და ჩაგვაყენოს საქმის კურსში, რას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით”. – წერია კოალიციის განცხადებაში.
პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ინიციატივით გაკეთდა, პეტიციას განათლების კოალიცია და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები შეურთდნენ.