10-14 წლამდე არასრულწლოვანთათვის შესაქმნელ დახურული ტიპის დაწესებულებას დასახელება შეეცვალა - კანონპროექტი II მოსმენით მიიღეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა.

მეორე მოსმენის დროს კანონპროექტში რიგი ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, დახურულ დაწესებულებას, სადაც 10-დან 14 წლამდე არასრულწლოვანთა მოთავსებაა გათვალისწინებული, დასახელება შეეცვალა.

ინიციირებულ ვერსიაში დაწესებულებას „არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი“ ერქვა, მეორე მოსმენით მიღებული რედაქციით კი – „არასრულწლოვნებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი“.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებელმა, რატი იონათამიშვილმა თქვა, რომ „კანონის სიტყვათწერა მაქსიმალურად დაუახლოვდა გაეროს ბავშვთა კონვენციის სტანდარტს, კერძოდ, ეს იქნება კეთილდღეობის თუ მზრუნველობის პრინციპების ნაწილში“.

„ოცნების“ დეპუტატის განმარტებით, პროგრამების შინაარსი იგივე დარჩა, თუმცა „შეიცვალა სახლის სათაური და ხაზი გაესვა კეთილდღეობისა და ზრუნვის კომპონენტს“, გაძლიერდა მულტიდისციპლინური ჯგუფის უფლება-მოვალეობები.

„ასევე ის, რომ სახლში განთავსება არის უკიდურესი ღონისძიება, ამ მიმართულებითაც გაჩნდა შესაბამისი ჩანაწერები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.


„შემაშფოთებელია აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ”, – ბავშვის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები „კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წლამდე არასრულწლოვანების“ შესახებ კანონპროექტს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს მიდგომები გამოიწვევს მომავალი თაობის დაღუპვას და არა – რეაბილიტაციას.