10 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შემოტანაზე პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნეს

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ 10 გრამამდე (9.68 გრ.) გამომშრალი მარიხუანის საქართველოში შემოტანისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო, – სასამართლომ გადაწყვეტილება სამ კონსტუტუციურ წარდგინებაზე გამოაცხადა.

კერძოდ, საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა გამომშრალი მარიხუანის (6.4 გრამის, 6.7 გრამის და 9.68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის სასჯელის სახედ განსაზღვრავდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები მიუთითებდნენ 2015 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო.

ისინი მიუთითებდნენ, რომ სანქციის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა გამომშრალი მარიხუანის (6.4 გრამის, 6.7 გრამის და 9.68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, შესაძლოა ასევე მოსულიყო წინააღმდეგობაში კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქცია – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არღვევდა არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.

მისივე თქმით, გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი სანქციის სახე – თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნებოდა გამართლებული ვერც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნით.

„საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენდა ჯანმრთელობის დაცვა (როგორც უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ასევე მთლიანად საზოგადოების), საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო მასშტაბით, რაც ასევე ემსახურებოდა სხვა სახელმწიფოთა ინტერესებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, გაუმართლებელია პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი გამომშრალი მარიხუანის ოდენობები (6.4 გრამი, 6.7 გრამი და 9.68 გრამი) აპრიორი ვერ ჩაითვლებოდა იმ ოდენობად, რომელიც ავტომატურად ქმნიდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს”, – ნათქვამია სასამართლოს გავრცელებულ რელიზში.