პარასკევს, 10 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. ეს დღე მთავრობის მიერ ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.
კომიტეტის დღის წესრიგის მიხედვით, 10 მაისს სამი საკითხი განიხილება. მათ შორის არ არის რუსული კანონი.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარასკევს ჩანიშნულ კომიტეტზე ბევრი სხვა საკითხია განსახილველი, ხოლო რუსული კანონის იურიდიულ კომიტეტზე განხილვა ორშაბათს, 13 მაისს იგეგმება.
აღნიშნული არ გამორიცხავს, რომ 10 მაისის კომიტეტზე რუსული კანონი არ განიხილება. რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრების მოთხოვნით განსაზღვრავს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის სიითი უმრავლესობის წარმომადგენლები დღის წესრიგში ცვლილების შეტანას მოითხოვენ, თავმჯდომარე ვალდებულია, დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი.
რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 10 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილება ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან, ხოლო რუსულ კანონს კომიტეტი ორშაბათს, 13 მაისს განიხილავს.