10 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თუნდაც ერთ კანდიდატს, – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე განსხვავებული აზრი წარადგინა. მის მიერ მომზადებული განსხვავებული აზრი პარლამენტს წერილობით წარედგინება.
ჯანეზაშვილის თქმით, ვინაიდან, არსებული ვითარება არის არაორდინარული, იმ თვალსაზრისით, რომ შერჩევის მთელი პროცესი სავსე იყო პროცედურული დარღვევებით, რამაც სიის საბოლოო ფორმირებაზე არსებითი გავლენა იქონია, მიმაჩნია, რომ აზრს მოკლებულია ინდივიდუალურად კანდიდატების კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების შესახებ მსჯელობა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ არ მისცა საშუალება სხვა განმცხადებლებს, რომ წარმოდგენილნი ყოფილიყვნენ საქართველოს პარლამენტში კანდიდატურის რანგში. დარღვევებმა არა მხოლოდ დააზიანა შერჩევის პროცესი და მისი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, არამედ ნათლად წარმოაჩინა სასამართლოს სისტემაში არსებული ე.წ. „გავლენიანი ჯგუფის“ ინტერესები. ამიტომ წარმოგიდგენთ ჩემს განსხვავებულ მოსაზრებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რაც, იმედი მაქვს, დაგეხმარებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას”, – აცხადებს ჯანეზაშვილი.
გთავაზობთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განსხვავებულ აზრს:
- 20 ივნისის კენჭისყრა და გამოვლენილი დარღვევები
იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან, მაგრამ დღეისათვის საბჭოს არ ჰყავს თავმჯდომარე და საქმიანობას ახორციელებს 14 წევრის შემადგენლობით. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცედურებს ჩამოშორდა მდივანი გიორგი მიქაუტაძე, შესაბამისად, პარლამენტისათვის წარსადგენი 20 კანდიდატის შერჩევის პროცესში, ძირითად შემთხვევებში, მონაწილეობდა საბჭოს არაუმეტეს 13 წევრისა.
საქართველოს სახალხო დამცველი აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მიმდინარე წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგ ეტაპზე
გადასული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი. სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული პირველი ფარული კენჭისყრა და მასზე დაკვირვების შედეგები ავლენს იმ პრობლემებსა და ხარვეზებს, რომლებიც აღნიშნულ პროცესს ახლავს და საფრთხეს უქმნის მის მაღალი სტანდარტებით წარმართვას“.
ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ 20 ივნისის ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა 1 ბიულეტენი და 20 ხმა. ბიულეტენებისა და მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით.
აღნიშნული დამთხვევა იწვევს ეჭვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა (ხმის უფლების მქონე 13 წევრიდან 10 წევრი) წინასწარ შეთანხმდა ხმათა ისეთ განაწილებაზე, რომ მოკლე სიაში შეეყვანა 45 კონკრეტული განმცხადებელი. ამავე გამოწვევაზე საუბრობს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიც (ODIHR).
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დარღვევით რეგისტრაცია
განაცხადის ფორმაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, ნაცვლად სავალდებულო 3 რეკომენდატორისა, მიუთითა 2-ის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ მიმაჩნია, რომ მას არ უნდა გადაელახა შერჩევის პირველი ფორმალური ეტაპი. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ის კანდიდატად დაარეგისტრირეს და, შესაბამისად, შემდგომ ეტაპებზეც დარღვევით გადაიყვანეს.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, როგორც იუსტიციის საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის ინტერესთა კონფლიქტი
გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ სხდომებსა და გასაუბრებაში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, მან შეინარჩუნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის სტატუსი და ხელმძღვანელობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს.
ასე რომ, გიორგი მიქაუტაძის დაქვემდებარებაში იყო საბჭოს ის დეპარტამენტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით, კანონით დადგენილი წესით აგროვებდა ინფორმაციას კანდიდატების, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებ, რაც ერთმნიშვნელოვნად ინტერესთა კონფლიქტია.
4. უმაღლესი საბჭოს მდივნის ხელმისაწვდომობა სხვა კანდიდატების განაცხადებზე შიდა ელექტრონული პორტალის მეშვეობით
გიორგი მიქაუტაძეს, შერჩევის პროცესის დაწყებიდან ბოლო ეტაპამდე, ხელი მიუწვდებოდა სხვა კანდიდატების მიერ ელექტრონულად შევსებულ ყველა განაცხადზე და თანდართულ დოკუმენტზე, რომლებიც მათ საბჭოში წარმოადგინეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გიორგი მიქაუტაძეს შერჩევის მთელი პროცესის განმავლობაში არ ექნებოდა შესაძლებლობა, გასცნობოდა სხვა კანდიდატების შესახებ ყველა ინფორმაციას, რომელიც, როგორც წესი, ხელმისაწვდომია საბჭოს თითოეული წევრისთვის შიდა ელექტრონული პორტალის მეშვეობით.
ცხადია, ამით არ ვამტკიცებ იმას, რომ მან ისარგებლა ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით, მაგრამ თავისთავად ეს შესაძლებლობა, რომელიც ჰქონდა მხოლოდ მას და არცერთ სხვა რომელიმე კანდიდატს, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა. პრივილეგიას, სხვების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის 13 ივნისის წერილით უარი უთხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივზე მითითებით. როგორც კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განაცხადა, საბჭოს მიერ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბჭო გარკვეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა. სიზუსტისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაგვიანებით, მაგრამ ეს ინფორმაცია საბოლოოდ გასაჯაროვდა.
5. უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას ინტერესთა კონფლიქტი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ მოსამართლე წევრთან – თამარ ონიანსა და ირაკლი შენგელიასთან მიმართებაში სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი. მათ ჰქონდათ ნათესაური კავშირი კანდიდატებთან – თამარ ონიანის მაზლია ზურაბ აზნაურაშვილი (როგორც თავად თ. ონიანი აცხადებს – ყოფილი), ხოლო ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა ლევან თევზაძე. აღნიშნულ წევრებს თვითაცილების საკითხი არ დაუყენებიათ და საბჭოს დანარჩენი წევრების უმრავლესობამაც მათი პოზიცია გაიზიარა. ასევე, ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ბონდარენკო არის ლევან თევზაძის შვილის ნათლია, რისი უარყოფაც მათი მხრიდან არ მომხდარა.
მოგეხსენებათ, წარმოდგენილი კანდიდატების სიაში არ მოხვდნენ არც ზურაბ აზნაურაშვილი და არც ლევან თევზაძე. თუმცა ამით ბევრი არაფერი იცვლება, რადგან მათ, სწორედ იმიტომ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჰყავდათ ნათესავები და ახლობლები, რომლებიც მათ ლობირებდნენ, სავარაუდოდ, დაიკავეს სხვა კანდიდატების ადგილი 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაში, რომლებსაც მოუსპეს შესაძლებლობა, თუნდაც გასაუბრებაზე გამოსულიყვნენ.
6. კანონდარღვევით შედგენილი კენჭისყრის შედეგების ოქმი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე1 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პირველი კენჭისყრის დასრულებისას (ამ შემთხვევაში, როდესაც შედგა 50 კანდიდატის სია) დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვალდებული იყო, კენჭისყრის ჩატარების შემდგომ ხელი მოეწერა შესაბამის ოქმზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატივას, აღნიშნულ ოქმს ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, თუმცა რა სტატუსით ან რომელი ნორმის საფუძველზე, გაურკვეველია და ცხადია, რომ ორგანული კანონი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს.
7. დიმიტრი გვრიტიშვილი, როგორც საბჭოს სხდომების არაუფლებამოსილი თავმჯდომარე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა სხდომას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურებს ეხებოდა, ხელმძღვანელობდა არაუფლებამოსილი პირი, მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე, რომლებიც დიმიტრი გვრიტიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა, მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება.
სხდომები, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, არ იყო მოწვეული კანონის შესაბამისად და არ თავმჯდომარეობდა უფლებამოსილი პირი. ამიტომ ასეთ სხდომებზე მიღებული ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს კანონიერად.
8. კენჭისყრის თაობაზე კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, რომ კანდიდატების გასაუბრების ეტაპზე გადაყვანის თაობაზე, ჩაატაროს ფარული კენჭისყრა „თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით “. მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონი ავალდებულებდა საბჭოს, წინასწარ განესაზღვრა კენჭისყრის პროცედურები, რეალურად ეს ასე არ მომხდარა. ამის შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოვითხოვე, დაგვედგინა კენჭისყრის შესაბამისი პროცედურები, რაზეც უმრავლესობამ მხარი არ დამიჭირა.
9. სხდომების საჯაროობის ნაკლებობა, სხდომის დროისა და დღის წესრიგების დაგვიანებით გამოქვეყნების თვალსაზრისით
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, რომ სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საბჭოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია. თუმცა კანონის ამ მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან მიმართებაში, არამედ სხვა საჯარო სხდომების დროსაც.
10. მოსამართლე წევრების მხრიდან სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების დარღვევა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი ზოგადად დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა, რამაც პიკს გასაუბრების დროს მიაღწია. ამ კუთხით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლე წევრები, ფაქტობრივად, რეგულარულად არღვევდნენ სამოსამართლო ეთიკის წესებს, სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს, თუმცა დამოუკიდებელი ინსპექტორის და ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან ცინცაძის მხრიდან ამ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის.
ეუთოს (ODIHR) ანგარიშშიც არის საუბარი ამის შესახებ, კერძოდ, პირად შეურაცხყოფებზე, ღვარძლიან ბრალდებებზე და დამამცირებელ კომენტარებზე, რომლებიც ზოგჯერ სექსისტური იყო. ასევე ნიშნადობლივია, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი, სხდომის მოქმედი თავმჯდომარე, „ზოგადად არ ცდილობდა წესრიგის და ეტიკეტის უზრუნველყოფას სხდომების დროს, კონფლიქტს აძლევდა ესკალაციის საშუალებას და თავადაც მონაწილეობდა წესრიგის დარღვევაში“.