„10 ნაბიჯი წინააღმდეგობის გასაძლიერებლად“ - „თავისუფლების მოედანმა“ გეგმა წარმოადგინა

პუბლიკა

„თავისუფლების მოედანმა“ წინააღმდეგობის გასაძლიერებლად 10 ნაბიჯი შეიმუშავა, რომელიც საზოგადოებას ლევან ცუცქირიძემ წარუდგინა.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი წინააღმდეგობა ავტორიტატულ რეჟიმთან უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე და გვინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვით 10 კონკრეტული ნაბიჯი:

    1. ჩვენ თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად ვიწყებთ მთელი საქართველოს და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე და ხელი შევუწყოთ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას;
    2. იმის დასტურად, რომ შეგვიძლია, რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე და ასევე მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვასა და გეგმას;
    3. უახლოეს 30 დღეში „თავისუფლების მოედანი“ წარმოვადგენთ თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტატიზმისგან დემოკრატიის აღდგენის პერიოდში;
    4. უახლოეს 30 დღეში წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლების განმავლობაში არ განუახლებია „ოცნებას“, იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს და ვაჩვენებთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით თუ როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა და განვამტკიცოთ სტაბილურიბა;
    5. უახლოესი დღეების განმავლობაში ეტაპობრივად წარმოგიდგენთ „თავისუფლების მოედნის“ გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც მიგვაჩნია, აქვთ შესაძლებლობა, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ ჩაიბარონ ქვეყნის მართვისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროები;
    6. იმისთვის, რომ შევასრულოთ საზოგადოებისთვის მიცემული პირობები და ვერავინ გაბედოს საზოგადოებასთან დადებული შეთანხმების დარღვევა, ვიწეყებთ საჯარო კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად ლუსტრაციის კანონის მხარდასაჭერად, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ახალ დამოუკიდებელ პარლამენტში წარადგენს;
    7. საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორის უფრო აქტიურად ჩასართავად საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის საქმეში ვიწყებთ მუშაობას, რომ დავაარსოთ დემოკრატიის ეროვნული ფონდი და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიისთვის ბრძოლას საქართველოში;
    8. „ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო ძალისხმევის უკეთესი კოორდინაციისთვის ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, საქართველოს მე-4 და მე-5 პრეზიდენტებს, ყოფილ დიპლომატებს ვთავაზობთ, ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციებისა და პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებას და წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე;
    9. იმისთვის, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერა და საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო გაძლიერებას და მაღლა წაწევას შეუწყოს ხელი, დავიწყეთ მუშაობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა დაარსდეს მუდმივმოქმედი საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ, სადაც უმაღლეს დონეზე რეგულარულად იქნება განხილული, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს შესახებ;
    10. გამჭვირვალობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულების ხაზგასასმელად ყოველ სამშაბათს აქ, თსუ-სთან ჩავაბარებთ ანგარიშს ხალხს“ – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.