12 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 8.29% შეადგინა - ცესკო

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ დღევანდელი არჩევნების მეორე ტურზე  ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მონაცემებით 8.29% პროცენტი შეადგინა. იოსელიანის თქმით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 177 462 ამომრჩეველი მივიდა.

„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში – 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში – 6.2%“, – განაცხადა მან.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან დაკავშირებით, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. ამ უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრა, ამ უბანზე 205 ამომრჩეველია. გუდაურის ერთ სპეცუბანზე, გადასატანი ყუთი უკვე ემსახურება ამომრჩევლებს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისი თქმით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დღეს, 21 ნოემბერს  17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ის მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.