„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი დროებითი საშვის მიღება 144–1-ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, საღამოს 18:00 საათიდან”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ შესაბამის დადგენილებაში დღეს, 9 ნოემბერს ასახა გადაადგილების შეზღუდვის ჩანაწერი.
კერძოდ, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში იკრძალება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
„ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კონკრეტული მიმართულებით: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე, ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე,“- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144-ის მეშვეობით.
„დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ იქნება. მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144 -ის მეშვეობით. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი დროებითი საშვის მიღება 144 – 1-ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, საღამოს 18:00 საათიდან,“- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.