StopCov.ge-ის დილის მონაცემებით, 10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს რაოდენობა საქართველოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი 57 ახალი შემთხვევიდან:
- 5-ის წყარო არის „დონა“;
- 14 პაციენტის წყარო არის ბათუმი;
- 18 პაციენტის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი;
- 4 პაციენტის წყარო არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია;
- 3 შემოტანილი შემთხვევიდან 2 სატვირთოს მძღოლია;
- 5 სამედიცინო პერსონალია;
- 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა.
დღის მეორე ნახევარში კი ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა ენგურჰესის 4 თანამშრომელს. სავარაუდოდ, ეს მონაცემები ხვალინდელ სტატისტიკაში აისახება.
ცაგერის მუნიციპალიტერის ორ სოფელში – ორბელსა და ლაჯანაში საკონტროლო პუნქტები მოეწყო.
„ცაგერში 12 ინფიცირებულიდან ერთ-ერთი პიროვნება 5 სექტემბერს იმყოფებოდა სოფელ ორბელში, დაახლოებით 200-კაციან ქორწილში, რის გამოც გაფართოვდა კონტაქტები და საჭირო გახდა ცაგერის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში საკონტროლო პუნქტების მოწყობა“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი.
მისივე თქმით, 300 პირს დღეს ჩაუტარდა PCR კვლევა და პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება, 30 ტესტის პასუხი კი, სავარაუდოდ, დღეს იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 9 სექტემბერს ასევე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობას იცავს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირი არ იმყოფებოდა კონტაქტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია.
Stopcov.ge-ის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1830-ია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9-ით გაიზარდა და ჯამში შეადგენს 1334-ს.