მასალა განახლებულია: თავდაპირველად უწყებაში გვითხრეს, რომ დაკავებული იყო 4 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვალს, პარლამენტის წინ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა. მათგან ორი ხელწერილით გათავისუფლდა. გათავისუფლებულებს შორისაა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი.
პოლიცია აქციის მონაწილეებს თავდაპირველად გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა, თუმცა დემონსტრანტებმა მოგვიანებით რუსთაველის გამზირი მაინც გადაკეტეს.
პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისსა და რეგიონებში 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. დემონსტრაციებს თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალის გამოყენებით შლიდა, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. ბოლო მონაცემებით, ძალოვნებმა 500-მდე პირი დააკავეს. მათი დიდი ნაწილი წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობს. „ოცნებამ“ გაამკაცრა მთელი რიგი კანონები და დააანონსა ახალი რეპრესიული ცვლილებები. დემონსტრაციები ორი ძირითადი მოთხოვნით ისევ გრძელდება, ესენია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა.