Oxfam-ის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონება 540 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.
საქველმოქმედო ორგანიზაციათა გაერთიანების მტკიცებით, ეს თანხა მსოფლიოს ვირუსით გამოწვეული გაღარიბებისგან დაიცავდა და ყველასთვის დაფარავდა ვაქცინის საფასურს.
Oxfam მოუწოდებს მთავრობებს, ყურადღება გაამახვილონ სუპერმდიდარი ადამიანების საგადასახადო ვალდებულებებზე.
2020 წლის დეკემბერში მსოფლიოს მილიარდერთა საერთო სიმდიდრემ 11,95 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ორგანიზაციის განცხადებით, ეს თანხა დიდი ოცეულის ქვეყნების მიერ მკურნალობისთვის გაწეული ხარჯის ჯამური ოდენობის ტოლფასია.
იმ 10 უმდიდრეს ადამიანს შორის, რომელთა ქონებაც 2020 წლის მარტიდან 540 მილიარდით გაიზარდა, არიან: „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, „ტესლას“ დამაარსებელი ილონ მასკი და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მილიარდერთა ქონება საფონდო ბირჟის უკუეფექტისა და „თაღლითური ეკონომიკის“ შედეგია, რაც „საუკუნის ყველაზე მძიმე ეკონომიკური რეცესიის პერიოდში“ ქმნის უთანასწორობის გაღრმავების რისკს.
„2020 წელს ბევრ გიგანტ კომპანიაში გაყიდვებიცა და საბაზრო ფასიც გაიზარდა, რადგან ლოქდაუნმა ციფრულ სერვისებზე მოთხოვნის გაზრდა განაპირობა.
სწორედ ამან გაზარდა ბეზოსისნაირი მდიდარი ბიზნესმენების ქონება, რომელთა უზარმაზარი სიმდიდრე განაპირობა არა შემოსავალმა, არამედ მათ ხელთ არსებული აქტივების წილმა. აქ „სიმდიდრე“ არ უდრის შემოსავალს. სიმდიდრე განისაზღვრება ინდივიდის კაპიტალით, მათი ფულის, აქტივების ფასებითა და ასევე მათი წილის „თეორიული“ ღირებულებით“, – წერს BBC
ანგარიშის მიხედვით, ჯეფ ბეზოსმა 2020 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში იმხელა მოგება ნახა, რომ შეეძლო „ამაზონის“ 876 ათასი თანამშრომლისთვის 105 ათასი დოლარის ბონუსები გამოეწერა და ის მაინც ისეთივე მდიდარ ადამიანად დარჩებოდა, როგორიც პანდემიამდე იყო.
Oxfam-ის გამოთვლებით, 2020 წელს ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი სიღატაკეში ცხოვრობდა, რაც ბოლო ორ დეკადასთან შედარებით გაუარესებული მაჩვენებელია.
„ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებლობა სამართლიანობის მისაღწევად, რომ ვიფიქროთ ქონების გადასახადებზე, კორპორაციების გადასახადებზე, რომ ვიფიქროთ საბაზისო სოციალურ მინიმუმზე ყოველი მოქალაქისთვის“, – უთხრა Oxfam-ის აღმასრულებელმა დირექტორმა BBC-ის.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია:
- ქალები კვლავ ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ არიან. მსოფლიოში ყველაზე მეტი ქალი იყო ჩართული ისეთ დაბალანაზღაურებად, პრეკარიულ საქმიანობაში, რომელსაც პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. თუ ამ სექტორებში ქალებიც იმავე პროპორციით იქნებოდნენ წარმოდგენილნი, როგორც კაცები, 112 მილიონი ქალი აღარ იქნებოდა შემოსავლისა და სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე. ქალები ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური ზრუნვის სექტორში სამუშაო ძალის 70%-ს წარმოადგენენ – განსაკუთრებით მნიშვნელოვან, თუმცა დაბალანაზღაურებად სფეროში, სადაც ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალია.
- უთანასწორობა ადამიანების სიცოცხლეს იწირავს. ბრაზილიაში თეთრკანიანებთან შედარებით Covid-19-ით შავკანიანების სიკვდილიანობა 40%-ით მეტია. აშშ-ში კი დაახლოებით 22 ათასი შავკანიანი და ლათინურამერიკელი დღესაც ცოცხალი იქნებოდა, თუ მათი და თეთრკანიანების სიკვდილიანობის პროპორცია თანაბარი იქნებოდა. ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საფრანგეთის, ინდოეთისა და ესპანეთის ღარიბ დასახლებებში უფრო მეტია, ინგლისის ღარიბ რეგიონებში კი სიკვდილიანობა ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ქვეყნის უმდიდრეს რეგიონებში.
- სამართლიან ეკონომიკას საკვანძო მნიშვნელობა აქვს Covis-19-ის კრიზისიდან სწრაფად გამოსასვლელად. დროებითი გადასახადები იმ ჭარბი მოგებისთვის, რომელიც 32 კორპორაციას ჰქონდა და რომელიც ამ კორპორაციებმა ძირითადად პანდემიის დროს მიიღეს, 2020 წელს 104 მილიარდ დოლარს მოიტანდა. ეს საკმარისი იქნებოდა უმუშევრად დარჩენილი მშრომელებისა და ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის დასახმარებლად.