თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის მორიგი ეპიზოდის განხილვაზე სამართალდამცველი ვაჟა გეწაძე გამოიკითხა.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ვაჟა გეწაძემ ისაუბრა „TV პირველის“ ოპერატორ ლევან ბრეგვაძის და პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.
„მოვუწოდებდით, გაჩერდით, შეწყვიტეთო, ბოლოს ვყვიროდით, მოკვდა კაციო. ვცდილობდით მაქსიმალურად გადავფარებოდით, რასაც მას უქნევდნენ, ყველა მას რომ მოხვედროდა, არ ვიცი, რა იქნებოდა.
ჯერ ქვემოდან ურტყამდნენ, მერე მანქანაზე შეხტნენ და ზემოდან წიხლებით, ხელით ურტყამდნენ, რაღაც საშინელება იყო. დაზარალებული ერთი კაცი იყო და 50 კაცი ცდილობდა მასთან მისვლას.
10 წელია პოლიციელი ვარ და ასეთ რამეს არ შევსწრებივარ. არ ვიცი, ეს ხალხი ცემით დაიღალა თუ, მამაოებს დაუჯერეს, ჩვენც პოლიციელები მოგვემატნენ და გასვლა მოვახერხეთ”, – განაცხადა გეწაძემ.
IPN-ის ცნობით, პოლიციელმა ძალადობაში მონაწილე სამი პირი ამოიცნო.
„TV პირველის“ ოპერატორ ლევან ბრეგვაძეს 9 აპრილის სკვერში დაესხნენ თავს. როგორც ბრეგვაძე იხსენებს, მისი და ჟურნალისტ გუგა მაისურაძის მიმართულებით ისროდნენ ქვებს და ბოთლებს, გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მას ათობით ადამიანი დაესია და წიხლებით მანამ სცემა, სანამ ოპერატორი ადგილიდან არ გაარიდეს. ინციდენტის დროს დაზიანდა მისი კამერა და ჩართვის აპარატიც.
5 ივლისს მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.
ეპიზოდს 53 დაზარალებული და 27 ბრალდებული ჰყავს.