10 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ იტალია TikTok-ზე კონტროლს ამკაცრებს

პუბლიკა

იტალიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 10 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე. ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად პლატფორმა TikTok-ის ერთ-ერთ გამოწვევაში მონაწილეობა სახელდება – ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

იტალიის მინაცემთა დაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ TikTok-ზე დაბლოკეს ყველა ის მომხმარებელი, რომელთა ასაკის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

გასართობი პლატფორმის წესებში კი აღნიშნულია, რომ ქსელში დარეგისტრირება ნებადართულია მხოლოდ 13 წელზე ზემოთ ასაკის მომხმარებლებისთვის.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, 10 წლის გოგონა პალერმოს საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 5 წლის დამ სააბაზანოში თავზე ცელოფანშემოკრული იპოვა.

TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აცხადებს, რომ პარასკევს პლატფორმაზე ვერ დააფიქსირეს ისეთი შინაარსის მასალა, რომელიც გოგონას მსგავს გამოწვევაში მონაწილეობის მიღებისკენ უბიძგებდა. თუმცა კომპანია აცხადებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ საქმის გამოძიებაში.

„TikTok-ის მომხმარებელთა უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ ჩვენ პლატფორმაზე არ ვუშვებთ ისეთი შინაარსის მასალებს, რომლებიც სახიფათო ქცევას წაახალისებს“, – აცხადებს კომპანიის სპიკერი.

იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, არასრულწლოვანი მომხმარებლები პლატფორმაზე 15 თებერვლამდე იქნებიან დაბლოკილი, ვიდრე სოციალური ქსელი რეგულაციებით მოთხოვნილ პირობებს შეასრულებს.

გარდაცვლილი ბავშვის მშობლებმა გაზეთ La Repubblica-ს უთხრეს, რომ უმცროსმა შვილმა მშობლების უთხრა, რომ უფროსი და „გონების წასვლის თამაშს თამაშობდა“.

„ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, არ ვიცოდით, რომ ამ თამაშში მონაწილეობდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი შვილი TikTok-ზე საცეკვაოდ და ვიდეოების სანახავად დარეგისტრირდა, ასეთ სისასტიკეს როგორ წარმოვიდგენდით“, – უთხრა მამამ გამოცემას.

იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა TikTok-ის წინააღმდეგ საქმე დეკემბერში აღძრა „ბავშვთა ინტერესების დაცვის უგლვებელყოფის“ გამო. პლატფორმას იმის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ ძალიან მცირე ასაკის ბავშვებსაც ჰქონდათ სოციალურ ქსელზე წვდომა.