10 წლის გოგოსადმი სქესობრივი დანაშაულის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლაგოდეხში 1990 წელს დაბადებული პირი ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.