10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ათობით მონაწილე – ლგბტქი ადამიანები და მხარდამჭერები – რუსთაველის გამზირზე მობილიზებულმა ათასობით ადამიანმა, მათ შორის, სასულიერო პირებმა დაარბიეს.
ამ თარიღისა და განვითარებული მოვლენების შესახებ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ დღის გამოცდილებასთან დაკავშირებული კოლექტიური ტრავმული მეხსიერება, რომელსაც ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი (IDAHO, აიდაჰო)მიძღვნილი ღონისძიების მონაწილე აქტივისტები, ისევე როგორც, ზოგადად ქვი რ თემის წევრები 10 წელია ინახავენ, დღემდე საზოგადობრივად გაუზიარებელი და სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულია.
„ზომების მიღება, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, არასოდეს ყოფილა რეალური პრიორიტეტი ხელისუფლების ეროვნული ორგანოებისთვის“ – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ შეფასებას, რომელსაც ვკითხულობთ 2021 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ნათლად ადასტურებს ის მოცემულობაც, რომ ამ დროისათვის, ეროვნულ დონეზე, ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული არავინაა, ხოლო დაზარალებულის სტატუსი კი, საქმის წარმოების პირველ ეტაპზე, 2013 წელს, პროკურატურამ მხოლოდ 5 ადამიანს მიანიჭა. დღეს, 17 მაისის მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ 28 ადამიანი, რომელთაც WISG-ი უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოძიების წინაშე წარმოადგენდა, კვლავ ელოდება დაზარალებულის სტატუსს“, – აცხადებს WISG.
ორგანიზაციის ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144(3) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ორი წელი გავიდა და ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.
„ამასთან, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მტკიცებულებების მოპოვების და დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების მიმართულებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე WISG-ს ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკასა და რიტორიკაზე დაკვირვება უფრო ნათლად გვაჩვენებს ფართო სურათს: ქართული ოცნების ხელისუფლების რეალური პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა ხანგრძლივი მემკვიდრეობით მიღებული პოლიტიკური მიზოგინიისა და ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკის გატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამას აჩვენებს 2022-2023 წლებში „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიაზე (2022−2030 წლებისთვის)“ მუშაობის პროცესიც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების სრული უგულებელყოფით წარიმართა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სტრატეგიის დოკუმენტში ლგბტქი ჯგუფი ნახსენებიც კი არ არის. აღნიშნულს ცხადია მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ლგბტქი ადამიანების წინაშე მდგარი უფლებრივი საჭიროებები უგულებელყო და სტრატეგიის არაინკლუზიური დოკუმენტი დაამტკიცა.
„შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკა საერთოდ არ ითვალისწინებს ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს და მათ მხოლოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან დისკრიმინაციის მსხვერპლად განიხილავს. ეს „ადგილის მიჩენის სტრატეგია“ უკიდურესად ართულებს ქვიარ ადამიანების სოციო-ეკონომიკური გამოწვევების, მათ შორის უმუშევრობის და სიღარიბის, გენდერის სამართლებრივი აღიარების, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით წლების მანძილზე იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საპასუხო პოლიტიკის ადვოკატირებას“, – აცხადებს ორგანიზაცია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება არა მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ უთხრის ძირს იმ პროგრესს, რასაც გასულ ათწლეულში ქვიარ-ფემინისტური სათემო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო მხარდამჭერების ძალისხმევით ინსტიტუციური ცვლილებების მიმართულებით მიაღწიეს ქვიარ ადამიანების საბაზისო უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არამედ ანტიგენდერული პოლიტიკით გაერთიანებულ ულტრამემარჯვენე ქსელს უერთდება და პოლიტიკური პოპულიზმის იარაღად იყენებს ლგბტქი საკითხებს და, მათ შორის, ტრანს ადამიანების საჭიროებებს.