100/50 -ზე შეთავაზება უკიდურესი კომპრომისია, თორემ მაჟორიტარები მუხრუჭს კიდევ გამოვიყენებთ - ხუნდაძე

პუბლიკა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციამ რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა შესთავაზოს მმართველ გუნდს, „მარცხისთვის განწირულნი არიან“.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ამიტომ მათი მხრიდან ყველა შემოთავაზება შეუთანხმებლობისთვის კეთდება, რომ საბოლოოდ ისინი მათთვის სასურველ, რევოლუციურ სცენარზე გადავიდნენ. ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს.

რაც დრო გადის კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ დესტრუქციული ძალა ქვეყნისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ საჭიროა სწორი და პრინციპული პოზიციის შენარჩუნება. 100/50 -ზე შეთავაზება არის ის უკიდურესი კომპრომისი, რომლის იქითაც გარდაუვალი კრიზისია და მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში აღარ უნდა შეჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მაჟორიტარები და არა მხოლოდ ისინი, მუხრუჭს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ხელისუფლებამ ოპოზიციას 2019 წლის დეკემბერში შერეულ საარჩევნო მოდელი 100/50 შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებას.