უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.
საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.
ღონისძიებების აღდგენის მოთხოვნით, თბილისში რამდენიმე მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომელსაც ივენთმენეჯერები, ფოტო-ვიდეოგრაფები, მომღერლები, მუსიკალური ბენდები, გაფორმების დიზაინერები, ვიზაჟისტები, სტილისტები და დიჯეები უერთდებოდნენ.
ისინი მოითხოვდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალულ ღონისძიებებზე შეზღუდვის მოხსნას, რადგან ღონისძიებების ორგანიზების სფეროში არაერთი პროფესიის ადამიანია, რომლებიც თვითდასაქმებულია და საყოველთაო კარანტინის პირობებში უმუშევარი დარჩნენ.